
რა შემთხვევაში აუგებენ წესს, თერჯოლაში, გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს? – ამ კითხვაზე პასუხი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც აინტერესებთ. გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში პანაშვიდების პარალელურად ეძებენ მამაოს, რომელიც ბავშვს წესს აუგებს.
მამა პეტრე კოლხის თქმით, წესის თანახმად, საპატრიარქო განიხილავს ოჯახის წევრებთან ერთად, ყველა საკითხს, სიტუაციას და შემდეგ, შეიძლება დაიდოს დასკვნა, რომ თვითმკვლელს წესი აეგოს.
„თვითმკვლელობის შემთხვევაში წესი არ იგება ხოლმე, მაგრამ არის მთელი რიგი ფაქტორები გასათვალისწინებელი: რა პირობებში იყო, რა მდგომარეობაში იყო, რამდენად ჯანსაღი იყო თვითმკვლელის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და საპატრიარქოსთან შეთანხმებული. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საპატრიარქოში სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს ქორეპისკოპოსი. ის განიხილავს ოჯახის წევრებთან ერთად, ყველა საკითხს, სიტუაციას და შემდეგ, შეიძლება დაიდოს დასკვნა, რომ თვითმკვლელს აეგოს წესი. ამიტომ თვითნებურად არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, ამ სამსახურების გავლის გარეშე მოხდეს წესის აგება.
თუმცა, ის რაც მოხდა თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა ეს გაუგონარი ისტორიაა და ვფიქრობ, რომ ალბათ მოხდება ამის გათვალისწინება, ეს ჩემი აზრია და შეიძლება უწმინდესმა გასცეს განკარგულება თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. წესის აგება არ არის ნუგეში ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი არ არის. ჯერ თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ მოზარდი და შემდეგ, წესი ავუგოთ ეს არის მკვდარზე გვირგვინის დადება,“- განაცხადა მამა პეტრე კოლხმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.























