
კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო პროდუქტები მომართულია გადახდების ვადაგადაცილების რისკის გამოაშკარავებასა და დეფოლტის (კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება) ალბათობის დადგენაზე.
მათი მთავარი საქმიანობაა საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, დამუშავება და მართვა, რაც თქვენი საკრედიტო პორტფელის ხარისხის გარანტიაა.
კრედიტინფოს პროდუქტები გამოიყენება საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ინტერნეტ-ლენდერების, ასევე სალიზინგო, სატელეკომუნიკაციო და სხვა კომპანიების მიერ.
ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა შემთხვევაში ანიჭებს მოვალეს ნეგატიურ სტატუსს „კრედიტინფო“.
კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფარეთ ესა თუ ის ვალდებულება, ხომ არ გადააცილეთ გადახდის გრაფიკს, ან პირიქით – წინსმწრებით დაფარეთ და ა.შ
კრედიტინფოს ბაზა ანიჭებს პირებს გარკვეულ სტატუსებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი გადამხდელები არიან.
არსებობს ორი სახის კატეგორიის ისტორიები – პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიური გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა ისარგებლა ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით და წარმატებით დაფარა.
ხოლო თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებდა, ან ახლაც მიმდინარე დავალინება ერიცხება რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში.
თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური პირი ვალდებულებას გაისტუმრებს; ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ უნდა ამოვიდნენ ადამიანები უარყოფითი ბაზიდან და როგორ ისარგებლონ მომავალში დაუბრკოლებლად საბანკო პროდუქტით.
ნეგატიურად ითვლება სესხი, თუ მასზე დაფიქსირებულია 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიზიკური პირის შემთხვევაში, და 60 დღეზე მეტი იურიდიული პირის შემთხვევაში.
რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ჩანაწერი ისტორიაში მის დასრულებამდე რჩება.
ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.
თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით, რომელიც მიუთითებს, რომ კლიენტს ამჟამად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება არ აქვს, თუმცა წარსულში ის ნეგატიური სტატუსის მატარებელი იყო.
სტატუსი „იყო ნეგატიური“ მუდმივად რჩება სესხზე, სანამ აღნიშნული სესხი ჩვენს ბაზაში იარსებებს. სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, „იყო ნეგატიური“ სტატუსის მატარებელი სესხი ფიზიკურად იშლება მათი ბაზიდან“.
პირებს ვისაც სურთ, რომ გადაამოწმონ მათი ამჟამინდელი სტატუსი კრედიტინფოს ბაზაში, ამისთვის უნდა მიმართონ კრედიტინფოს განცხადებით, ან ფიზიკურად მივიდნენ ოფისში, სადაც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას მათი საკრედიტო სტატუსის შესახებ.
ამასთან, კრედიტინფოს ინტერნეტ გვერდზე უკვე შესაძლებელია აღნიშნული ინფორომაციის ელექტრონულად მოძიება.
























