
სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება სკოლებში სწავლა გადაიდოს.
„ჩვენამდეც სკოლების დახურვის და გახსნის გამოცდილება ბევრმა ქვეყანამ გაიარა. ზოგადად კორონავირუსმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროცესებზე.
იუნესკოს მონაცემებით, დაახლოებით, მოსწავლეების 60%, ყველა ქვეყანაში მოხვდა გარკვეული შეფერხებების რეჟიმში, რაც გამოიწვია COVID19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა.
სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობით დაიწყო სკოლების გახსნა და მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური სიტუაცია.
უსაფრთხოების კრიტერიუმი და საზომი ასევე სხვადასხვა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ბევრი ქვეყანა მიმართავს გამოვლენის მაჩვენებელს, თუ COVID19-ის რამდენი დადებითი შემთხვევა ვლინდება ტესტირების შედეგად.
ხუთი პროცენტი ეს არის მისაღები მაჩვენებელი. თუ 100 ადამიანიდან ხუთს კორონავირუსი უფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ რისკები მაღალია.
ჩვენ შემთხვევაში, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1%-ზე ნაკლებია, რაც ქმნის საიმედო ეპიდემიურ სიტუაციას. ამრიგად, ამ სიტუაციაში საკმარისად უსაფრთხოა სკოლების გახსნა და საკმარისად გრძელვადიან პერსპექტივაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგან ეპიდემიური ტენდენციები დღევანდელი სურათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გვაძლევს დრამატული მატების, პროგნოზირების საფუძველს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სიფრთხილე აუცილებელია, სამინისტრო და სპეციალისტები ყურადღებით დააკვირდებიან ეპიდემიური მოვლენების განვითარებას.
„კორონავირუსის გავრცელების ტენდენციები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა. მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია შექმნის სკოლებისთვის კეთილსაიმედო ვითარებას სკოლების გახსნისთვის. კიდევ საიმედო და დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც უახლესი კვლევებიდან გამოიკვეთა, ბავშვი თვითონ, კორონავირუსის მიმღებიც და გადამტანიც ნაკლებად არის.
ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ნიღბების გამოყენების სპეციფიკურ წესზე ვსაუბრობთ და ნიღბებს ვთხოვთ ძირითადად პედაგოგიურ პერსონალს და მოზრდილ ადამიანებს, ესეც ემყარება იმ ახალ მტკიცებულებებს, რომ მოზრდილი ადამიანი უფრო მეტადაა ინფექციის მიმღებიც და გადამტანიც. სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს“. – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.























