
12 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა საგანგაშო მონაცემებით განახლდა. ქვეყანაში ოფიციალურად ვირუსის 4 774 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 37 პაციენტი. ფაქტია, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დაიწყო.
ეპიდემიოლოგების პროგნოზი მართლდება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა, სავარაუდოდ, ოქტომბერში იყო მოსალოდნელი. თუმცა, აქვეა მათი დამაიმედებელი პროგნოზიც – მეხუთე ტალღა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მესამე და მეოთხე იყო. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება აცრილი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს. ის მიიჩნევს, რომ „საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ“.
ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დღევანდელ სტატისტიკას საგანგაშოს, თუმცა მოსალოდნელს უწოდებს. მისი განმარტებით, თუ 3-4 დღეში ინფიცირებულთა ასეთი მზარდი ნაკადი იქნება, ეს 2-3 კვირის შემდეგ ბევრ გართულებულ პაციენტნის მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული.
„ცხადია, ეს მოსალოდნელი იყო. ურთულესი ვითარება იქნება, ინფიცირებულთა მასშტაბი თუ კიდევ გაიზარდა. ვფიქრობ, ტალღიდან ტალღამდე ვცხოვრობთ. როგორც კი გამოცხადდება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი მაღალია, მხოლოდ მაშინ იწყება ნიღბის ტარება, რეკომენდაციების დაცვა, მაშინ შედარებით მცირდება მობილობა, ხვდებიან, რომ ღონისძიებები და ხალხმრავალი შეკრებები, სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიება თურმე, არ შეიძლება რომ გაკეთდეს.
ხვალ და ზეგ ქვეყნას არ ჩაკეტავენ, ეს იქნება უკიდურესად რთული. რეგულაციები საკმაოდ გახსნილია, მაგრამ თუკი მოხდება სამწუხაროდ, კიდევ ზრდა, ამის შემდეგ რეგულაციებიც მკაცრდება“, – ამბობს ბულეიშვილი.
რა შემთხვევაში გამოცხადდება რეგიონი წითელ ზონად და დაწესდება მკაცრი შეზღუდვები – ეპიდემიოლოგი საკოორდინაციო საბჭოს სახელმძღვანელო მეთოდს განმარტავს.
„რეგულაციის დაწესება მთელ საქართველოში არსებული ეპიდვითარების მიხედვით ხდება. თუ ეპიდვითარება 1 კვირის, 10 დღის განმავლობაში აღწევს 4 700-ს, 5 000-ს, მაღალია და მზარდია, შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან რეგულაციების დარეგულირება ხდება.
დღევანდელი ციფრი ძალიან შემაშფოთებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ გრიპის სეზონი კარზეა მომდგარი, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამწვავების სეზონი დაწყებულია, შესაძლოა, ორივე დაავადება ერთმანეთში აირიოს, რადგან სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ ამის მართვა სამედიცინო სექტორსაც გაუჭირდება.
კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტია – ვაქცინაციის საკითხი, რომელიც მხოლოდ მაშინაა ყველაზე აქტიური, როდესაც დაინფიცირებულთა რიცხვი სერიოზულად მზარდია. რატომ უნდა დაელოდოს ადამიანი მაინცდამაინც 5 000-ს შემთხვევას, რატომ არ უნდათ იმ შუალედში ვაქცინირება, როდესაც ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციაა. ეს ურთულესი და ძალიან საყურადღებო თემაა“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ მაკა ბულეიშვილმა.






















