
“რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა. რომელი ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები?! ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირადი ცხოვრების რამის გავრცელების?!”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ფარულ ჩანაწერებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ფარულ ჩანაწერებს ბოროტად არ იყენებდნენ და სოციალურ ქსელებში ან ტელევიზიებში არ ავრცელებდნენ.
„9 წელი ვიყავი ხელისუფლებაში და ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადმე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიით გავრცელებულიყო კადრები ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა იყოს და ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში, ეს არავინ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რამე სხვა მიზნებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.























