
დედაქალაქის მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საბურთალოს N64 უბანზე გააკეთა.
„ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ ყველა უბანში მეტი სიცოცხლე შევიტანოთ, რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე-41. იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან გვაქვს დაწყებული, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს ის არის, რაც ამ ქალაქს სჭირდება.
მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდო, იაქტიურეთ, მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ ერთად შევძლოთ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნის და ქალაქის მომავლისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. ყველა მუნიციპალიტეტში ოცნებას აქვს დიდი თანადგომა. არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















