
უკვე მეორე დღეა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორს, ეკონომისტ რამაზ გერლიანს მისი ოჯახი ეძებს.
რამაზ გერლიანმა გუშინ დილით “ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.
„მე ვიცი, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ძმას და ჩემი ძმის კერძო საკუთრებაში გადააჭარბა უფლებამოსილებას. რა განცდასაც ჩემი ძმის მანქანაში დატოვებული წერილი ტოვებს, ეს არის, რომ მან უსუსურად იგრძნო თავი, რადგან სასამართლოს მიმართა და არავინ ყურადღება არ მიაქცია. საბუთების უკან არის მიწერილი, რომ იქნება ახლა მაინც მომაქციოთ ყურადღება, რომ ჩემი მანქანა გასინჯოთ, მანდ მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული, ამას ითხოვდა წინათაც, აქვს განცხადებები გაკეთებული. გვეუბნებოდა, გვაფრთხილებდა, რომ ოჯახის ყველა წევრზე მიდის მოსმენები,” – აცხადებს რამაზ გერლიანის და ლანა გერლიანი.
ოჯახის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის თქმით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა ჯერჯერობთ არაა გამოკითხული ის პოლიციელი, რომლის მიმართაც რამაზ გერლიანს პრეტენზია გააჩნდა.
„დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. იკითხებიან როგორც მისი დედმამიშვილები, ასევე ყოფილი მეუღლე. ისინი ადასტურებენ, რომ გერლიანის გუშინდელ პოსტს წინ უძღოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტი და უსიამოვნება. პოლიციელთან დაკავშირებით ვესაუბრე ხელმძღვანელ პირს და დღეს მოხდება მისი გამოკითხვა. ამ დრომდე პოლიციელი, ვის მიმართაც გააჩნდა რამაზ გერლიანს პრეტენზია, არაა გამოკითხული,” – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ დღეს იპოვეს.























