13:50 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

რა წესი უნდა დაიცვას ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ

რა წესი უნდა დაიცვას ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან დადგენილ სტანდარტს და დაარღვევენ რეგულაციებს, კონტრაქტი შეუწყდებათ“,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონში შექმნილ ოპერატიულ შტაბში, ახალი რეგულაციები სოფლის მეურნეობის სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებსაც დაუწესეს.

 

„კახეთში ახლა მიმდინარეობს ხვნა-თესვის სამუშაოები. ბუნებრივია, ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ, მაგრამ რეგიონულ ოპერატიულ შტაბში, დავამტკიცეთ ახალი რეგულაცია და ის კომპანია, რომელიც იყენებს დაქირავებული მუშების შრომას, ვალდებული იქნება ერთ ტრანსპორტში, სადაც აქამდე 12- დან 15- მდე მგზავრს ათავსებდა, მოათავსოს მხოლოდ 6 მგზავრი და დაიცვას უსაფრთხოების ყველა ნორმა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მთავრობისა და რეგიონული შტაბის მიერ დადგენილ რეგულაციებს ზედამხედველობას კახეთში, პოლიციის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მაკონტროლებელი ორგანოები გაუწევენ.

 

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზე კონტაქტიც ყველა დაინტერსებულ პირს შეეძლება.

 

რეგიონული ოპერატიული შტაბი, კახეთში, გუშინ, ქვეყანაში სრული კარანტინისა და კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ შეიქმნა.

 

შეგახსენებთ, დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X