21:46 | 2020-05-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა წესით არჩევენ დონორებს საქართველოში პლაზმით მკურნალობისთვის

რა წესით არჩევენ დონორებს საქართველოში პლაზმით მკურნალობისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა რა წესით არჩევენ დონორებს სისხლის პლაზმით მკურნალობისთვის.

 

ცერცვაძის თქმით, საშუალოდ 20 გასინჯული დონორიდან შეიძლება, ერთის სისხლი გამოდგეს სხვა პაციენტის სამკურნალოდ. ამის შესახებ ქვეყნის მთვარმა ინფექციონისტმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„დიახ, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით დავნერგავთ, მაგრამ სულ ვიმეორებდი, რომ ეს ვერ ჩაითვლება ფართო გამოყენების მეთოდად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალიან შეზღუდულია იმ დონორების, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი.

 

მათ სისხლშიც დამცავი მანეიტრალიზებელი ანტისხეულებია საკმაოდ მაღალი ტიტრით, ეს აუცილებელი პირობაა.

 

ჩვენ ამჟამად გატესტვის რეჟიმში გვყავს გამოჯანმრთელებული პაციენტები, მათ შორის არა მარტო ჩვენს კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც.

 

ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას აქვს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები საკმარისი ტიტრით.

 

საშუალოდ რომ ვთქვათ, 20 გასინჯული დონორიდან შეიძლება ერთის სისხლის გამოდგეს სხვა პაციენტის სამკურნალოდ, თან ერთის პლაზმა კიდევ უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს მას სხვა ვირუსი ან დაავადება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველო ამ მეთოდს შეინახავს სარეზერვოდ იმ პაციენტებში, სადაც მკურნალობის სხვა მეთოდი ეფექტიანი არ იქნება.

 

„მთელ მსოფლიოში ვერსად ნახავთ, რომ ამ მეთოდს მასიურად იყენებენ, როგორც მაგალითად მედიკამენტს. ყველგან არის გადასხმის ერთეული შემთხვევები. ჩვენ ამ მეთოდს შევინახავთ სარეზერვოდ იმ პაციენტებში, სადაც მკურნალობის სხვა მეთოდი ეფექტიანი არ იქნება. განსაკუთრებით მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის, როგორც ეს ახლა გავაკეთეთ. პაციენტი, ვისაც პლაზმით გადავუსხით, 83 წლის ქალბატონი იყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სადაც სხვა სახის მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გადაიარა ყველაზე კრიტიკულმა ფაზამ, მაგრამ ჯერჯერობით ის მაინც რჩება რეანიმაციაში და ჯერ საბოლოო პროგნოზს მაინც ვერ ვაკეთებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ კრიტიკული პაციენტის სამკურნალოდ სისხლით პლაზმის მკურნალობის მეთოდი გამოიყენეს.

 

12 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X