
დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბანკო სესხები გარკვეული ჯგუფებისთვის კიდევ სამი თვით გადავადდება.
პრემიერ-მინისტრმა ორი პირობა დაასახელა, რა შემთხვევაშიც ადამიანს სესხი გადაუვადდება.
ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხი.
ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით. ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე.
გაიზრდება თუ არა სესხის გადავადების შემდეგ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?
ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;
საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე.























