
აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec.ge) ავრცელებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება.
Naec აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს:
2020 წლის მსგავსად, წელს საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად შემდეგი გამოცდები ბარდება:
1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში.
მესამე გამოცდა დამოკიდებულა პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.
სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს:
❗ თქვენ ვერ აირჩევთ პროგრამებს, თუ არ გექნებათ მითითებული რელევანტური საგნები და ვერ მიიღებთ მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.
❗ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროთ შესაბამისი ცვლილება.






















