
ლეგენდარული ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე დღეს იუბილარია. მას 88 წელი შეუსრულდა. პოლიტიკოსმა თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თენგიზ არჩვაძე მეგობრებთან ერთად მღერის.
თამაზ მეჭიაურს და თენგიზ არჩვაძეს მრავალწლიანი მეგობრობის ისტორია აკავშირებს, რომლის შესახებ “პრაიმტაიმს” თავად მეჭიაურმა უამბო.
– პირველ რიგში თენგიზს ვულოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ბოლოს ცოტა ავადმყოფობს. მინდა დიდხანს იცოცხლოს, იმიტომ რომ ლეგენდაა და ცოცხალ მაგალითებზე უნდა გაიზარდოს თაობები.
– დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ?
– ჩვენი მეგობრობა ათწლეულებს ითვლის. პატივი მქონდა, შარშანწინ თავად გადამეცა თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება. მე ზურაბ ქაფიანიძესთან და ტარიელ ხარხელაურთან ვმეგობრობდი, მათგან გავიცანი ბატონი თენგიზ არჩვაძეც. ეს მოხდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში. მე და ზურას გვიყვარდა ქეიფი, ტარიელ ხარხელაური კი არასდროს სვამდა და ეწეოდა. ასე შეიკრა ჩვენი წრე.
გრიგორიჩი ჩემი მშობლების თაობაა, მაგრამ ამას მეგობრობაში ხელი არასდროს შეუშლია. უწყინარ ხუმრობებს თუ არ ჩავთვლით, მასთან ასაკობრივი დისტანცია არასდროს დამირღვევია.
– რაზე ეხუმრებოდით?
– 2003 წელს გადავეცი ზურაბ ქაფიანიძეს თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება. ერთხელ ბულაჩაურში ვიჯექით, ვქეიფობდით მე, თენგიზი, ზურაბ ქაფიანიძე და ბიჭები. მოდიოდა ხალხი, გამოხატავდა სიყვარულს, სურათებს იღებდნენ.
განსაკუთრებით კი, ზურაბ ქაფიანიძეს ესიყვარულებოდნენ, როგორც საპატიო მოქალაქეს. ვხედავ გრიგორიჩი ბრაზდება, ვეღარ შეიკავა თავი და მითხრა: რა იყო ბიჭო, ამაზე უკეთესი ვერავინ ნახეო?!
– ცნობილია, რომ ბატონ თენგიზს რთული ხასიათი აქვს, ასეა?
– როგორ გითხრათ? არისტოკრატი კაცია და რთული ხასიათი ნამდვილად არ აქვს.
Posted by Tamaz Mechiauri on ორშაბათი, 09 თებერვალი, 2015






















