18:20 | 2021-05-28 ავტორი: Prime Time

რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე, რომელიც საქართველოშიც დაფიქსირდა და რამდენად საშიშია ის

რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე, რომელიც საქართველოშიც დაფიქსირდა და რამდენად საშიშია ის

საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

 

“ნელი დოროყაშვილის მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა“ - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
2021-05-27“ნელი დოროყაშვილის მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა“ - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

 

|როდის აღმოაჩინეს კოვიდის ინდური ვარიანტი

 

კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ  ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q  და L425R-ს შეიცავს.

 

|რამდენად საშიშია

 

Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან.  ისინი ცდილობენ დაადგინონ რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია და მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.

 

არსებული ინფორმაციით, L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე  E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

 

|ეფექტურია თუ არა ვაქცინები ინდური შტამის მიმართ

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინდოეთში არსებული ორივე ვაქცინა კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია.

 

„ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად მედიის მიერ მოგონილია, არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად, ჩვეულებრივი მუტაციებია. ორი ვარიანტია ახლა – 617 და 618, მათი ნომრებია, კიბატონო, მათში მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ისეთივე ტიპის ვაქცინა, როგორიც არის ვთქვათ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ანუ დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული ვაქცინა და მეორე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი უშვებს. გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების პუბლიკაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ ვარიანტებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და მაინც რატომ არის ასეთი მდგომარეობა? ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეს იგივეა, საქართველოში რომ აიცრება 3 000 კაცი, მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვისაც თავისი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ჰყავს ორჯერადად აცრილი, მაგალითად, ისრაელი. ინდოეთში, თუარ ვცდები, სულ აცრილია მოსახლეობის 6 პროცენტი, მერე რა რომ ეს არის ათეულ მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომ, ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა, ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ბევრი ვაქცინა არ არის მსოფლიო ბაზარზე, ქვეყნები, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ჯერ თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ. ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს, ორივე ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის ინდოეთში“, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

X