
საქართველოში კორონავიურსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათთან მოთავსებული ორივე პაციენტის კონტაქტი დადგენილია.
„შემოგვემატა ოთხი ახალი ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა. სულ გამოდის 38 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები. ორ ახალ ინფიცირებულთან, რომლებიც ჩვენთან არიან გადმოყვანილი, შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით, 37-დან 37,5 -მდე, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა.“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, აქედან 19 პაციენტთან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ორ პიროვნებასთან კი კორონავირუსი დადასტურდა.
ასევე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ოთხივე პაციენტის კლასტერი ცნობილია.
„დღეისათვის, დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტის ერთი დადებითი მხარე არის, ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები. ორი პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და ორი პაციენტი მოთავსებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები. პირველი პაციენტი, რომელიც გვყავდა კორონავირირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური და ჩენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც დამაიმედებელი პროგნოზი. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.






















