
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კოვიდის „ომიკრონი“ შტამი 77 ქვეყანაშია აღმოჩენილი.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდის ახალი მუტაცია ქვეყანაში დომინანტური სულ მალე გახდება.
ამერიკელი ინფექციონისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა იწვევს თუ არა ის ინფექციის მძიმე ფორმებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ აქტიურად მოუწოდებენ.
ბოლო ცნობები „ომიკრონზე“:
სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე მათი ვინც კოვიდის თავდაპირველი შტამით დაავადდა.
ამავე კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ 33%-ით ეფექტურია.
ამერიკის წამყვანი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, ვაქცინები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ (ორდოზიანი მ-რნმ ვაქცინები), არც თუ ისე კარგად მოქმედებს ინფექციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა დაცვის ოპტიმალური ვარიანტია.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ადამიანთა რეინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია.






















