
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
მას კოვიდინფექცია 8 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობას ბათუმის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
ვინ იყო გურამ ვარშალომიძე? აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მამა წარსულში, 1991-92 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გხლდათ.
პროფესიით გეოლოგი გურამ ვარშალომიძე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005-2006 წლებში “საქნავთობის” გენერალური დირექტორი გახლდათ.
2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგე.
2007 წლიდან მუშაობდა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” მრჩეველ-ექსპერტად.
გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და შრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. აქვს გამოგონებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი.






















