
“პრაიმტაიმი” დაინტერესდა ზუგდიდში მძევლად აყვანილი სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებით.
როგორც გავარკვიეთ, ის 41 წლისაა, ჰყავს მეუღლე ელზა ცერცვაძე და ორი შვილი: ქეთევან და გიორგი გალდავები.
მან უმაღლესი განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, დაამთავრა საავიაციო ფაკულტეტი. ავთანდილ გალდავამ სამართალდამცველის კარიერა 2008 წელს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლობით დაიწყო. 2017 წლამდე ის თბილისში, ძალოვან სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
2017 წლიდან 2019 წლამდე შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2019 წლიდან კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მძარცველმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, მეორე მძევალი – ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას ბიძაშვილი, ლაშა შენგელია, ხოლო მესამე – ბანკის მომხმარებელი, 25 წლის მურიკო ბულია.
მძარცველი პოლიციის პიკაპით მძევლებთან ერთად, ხელყუმბარით შეიარაღებული ადგილიდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციის წარმომადგენელმა მოთხოვნილი ფული გადასცა.























