12:21 | 2021-02-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რა ვიცით სიკვდილმისჯილ ვანო ხუჭუაზე, რომლის აფერები საბჭოთა კრიმინალისტიკის ქრესტომათიაში შევიდა

რა ვიცით სიკვდილმისჯილ ვანო ხუჭუაზე, რომლის აფერები საბჭოთა კრიმინალისტიკის ქრესტომათიაში შევიდა

ვანო ხუჭუა 1950 წელს კორეის ომში იბრძოდა. 1951 წელს ტყვედ ჩავარდა და თვალი დაკარგა, 1952 წელს კი ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა. მას ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და სამშობლოში დააბრუნეს. 1953 წელს, როგორც პრივილეგირებულმა ომის ინვალიდმა, თბილისის ერთ-ერთ უბანში კოოპერატიული სასადილო გახსნა და პროდუქტად საბჭოთა კავშირში აკრძალულ ძაღლის ხორცს იყენებდა. ძაღლის ხორცის სპეციალური დამუშავება და დამზადება კი ხუჭუამ სამხრეთ კორეაში, ტყვეობის დროს ისწავლა (როგორც ცნობილია, ძაღლის ხორცი კორეელების ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია).
მის სასადილოს „ცალთვალას ზაბეგალოვკას“ უწოდებდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კლიენტების ტევა არ იყო, რადგან ადამიანებს დაბალი ფასები და ხორცისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები იზიდავდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გემრიელი კერძები ძაღლის ხორცისგან იყო დამზადებული… ეს საქმე კი ერთმა ლენინგრადელმა ტურისტმა „გახეთქა“. ტურისტს ლენინგრადის 900-დღიანი ბლოკადა ჰქონდა გამოვლილი, სადაც კატისა და თაგვის ხორცთან ერთად, ძაღლის ხორცის ჭამაც ბევრჯერ მოუწია და ხუჭუას კერძები გემოთი იცნო, შემდეგ კი მილიციაში წავიდა და განაცხადა…
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუჭუა უპატრონო ძაღლებს იჭერდა, კლავდა და მათ ხორცს იყენებდა კერძების დასამზადებლად. მართალია, კოოპერატიული სასადილოს მეპატრონე, რომელიც ამავდროულად შეფ-მზარეულიც იყო, ამტკიცებდა, რომ ძაღლის ხორცი სპეციალურად იყო დამუშავებული და საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ეს არავინ გაიზიარა და მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად დაზარალებულიც კი ვერსად აღმოაჩინეს, 1955 წლის 6 მარტს, საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ, 25 წლის ივანე სარდიონის ძე ხუჭუას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მას ბრალად ედებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – მრავალი ადამიანის მოწამვლის მცდელობა, წინასწარი განზრახვით… საქმეში კი ეწერა, რომ ბრალდებული ხუჭუა ორი წლის განმავლობაში მოქალაქეებს წამლავდა საკვებით, რასაც ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებდა. უფრო სწორად კი, ექსპერტის დასკვნაში ეწერა, რომ ხუჭუას კერძო, კოოპერატიულ სასადილოში საკვები მზადდებოდა არასტანდარტული პროდუქტისგან, კერძოდ, ძაღლის ხორცისგან. ამ განაჩენის მთელი აბსურდულობა კი ის იყო, რომ ძიებამ არა თუ ხუჭუას კერძებით გარდაცვლილი ან მძიმედ მოწამლული ადამიანი ვერ იპოვა, არამედ, სიტყვიერად მომჩივანიც კი ვერ წარმოადგინა, რომელიც იტყოდა – ხუჭუას საკვებმა გული ამირიაო.
ვანო ხუჭუა ორთაჭალის ციხის საკანში იჯდა და დახვრეტას ელოდა, მაგრამ, 1955 წლის 19 აპრილს, მოულოდნელად, ის ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანეს. ციხის დირექტორმა კი ამცნო, რომ სასიკვდილო განაჩენი მას ხუთწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. თავდაპირველად ხუჭუას ეგონა, რომ ატყუებდნენ, მაგრამ, როდესაც სიმართლეში დარწმუნდა, ციხის უფროსს ჰკითხა:
– სად დახვრეტა და სად ხუთწლიანი პატიმრობა. აღარ მეტყვით, რაშია საქმე?
ხუჭუას ციხის უფროსმა უთხრა, რომ მას მუხლი შეუცვალეს და თაღლითობა მიუყენეს, თაღლითობის მაქსიმალური სასჯელი კი ხუთწლიანი პატიმრობა იყო და მას მაქსიმალური სასჯელი დააკისრეს. სიკვდილმისჯილს კი იმან უშველა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მოსკოვში ივანე ხუჭუას სახელზე ორდენი გაგზავნეს, რომელიც მას განსაკუთრებული სიმამაცისთვის მიანიჭეს. ამიტომ, ორდენოსანი მებრძოლი ინვალიდის დახვრეტა გადაიფიქრეს. ერთი წლის შემდეგ კი სულაც გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
1956 წელს 26 წლის ვანო ხუჭუა გათავისუფლდა. თუმცა, პატიოსანი ცხოვრება აღარ ისურვა. მართალია, კოოპერატიული სასადილო აღარ გაუხსნია და ძაღლის ხორცს სათოფეზეც აღარ გაჰკარებია, მაგრამ კორეის ომის გმირი, ყოფილი სიკვდილმისჯილი, ცალთვალა ინვალიდი ვანო ხუჭუა ერთ-ერთი ცნობილი საბჭოთა თაღლითი გახდა. თავისი განსაკუთრებული საზრიანობისა და არტისტიზმის წყალობით, ხუჭუას აფერები საბჭოთა კრიმინალისტიკის ქრესტომათიაში შევიდა…
1959 წელს, 29 წლის თაღლითი უზბეკეთის ერთ-ერთ რაიონში ჩავიდა და რაიკომის მდივანი ისე გააბრუა, რომ მას 50 ათასი მანეთი გამოართვა ქრთამად. სანაცვლოდ კი, მის დაქვემდებარებულ რაიონში მეტროს მშენებლობას დაჰპირდა და გაუჩინარდა. რაიკომის მდივანს ცალთვალა თაღლითი საკავშირო მეტრომშენის მთავარ ინჟინრად გაეცნო და შესაბამისი საბუთებიც წარუდგინა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყალბი იყო…
1961 წელს კი „საგასტროლოდ“ ციმბირში მყოფმა ვანო ხუჭუამ ქალაქ ირკუტსკში მსოფლიოს პირველი კოსმონავტის, იური გაგარინის ფონდი ჩამოაყალიბა და გულაჩუყებულ და ამაყ ციმბირელებს სახელოვანი თანამემამულის ძეგლის ასაგებად 70 ათასი მანეთი დასტყუა. ხუჭუა სოფელ-სოფელ დადიოდა და ისე აგროვებდა ფულს, შემდეგ კი ციმბირიდანაც აორთქლდა და შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა, სადაც თაღლითობა გააგრძელა. ქალაქ ოდესაში ცალთვალა ქართველი თაღლითი ადგილობრივ კონტრაბანდისტებს დაუახლოვდა. 1963 წლის ივლისში მათ 60 ათასი მანეთი გამოართვა იმის სანაცვლოდ, რომ ორ კვირაში იმპორტულ ამერიკულ სიგარეტებს ჩამოიტანდა და რა თქმა უნდა, იქიდანაც აიკრა გუდა-ნაბადი…
Image result for аферисты
თუმცა, ორგანიზებული ოდესელი ბოროტმოქმედების „გადაგდება“ საკმაოდ სარისკო საქმე იყო. ამიტომ, ქართველი თაღლითი ყაზახეთში გაემგზავრა და დროებით საქმიანობა შეაჩერა. მას კი ყველგან ეძებდნენ ოდესელები და რომ მოეხელთებინათ, წესსაც აუგებდნენ…
ყველაზე სარისკო აფერა ვანო ხუჭუამ 1975 წელს განახორციელა: ის მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტის სტუდენტებს დაუახლოვდა. მათგან მებრძოლ-ინტერნაციონალისტთა ბრიგადა ჩამოაყალიბა და ლათინურ ამერიკაში უნდა წაეყვანა პარტიზანული ბრძოლის საწარმოებლად. „დაბოლებულ“ ინტერნაციონალისტებს ხუჭუამ 35 ათასი დოლარი შეაკრებინა მგზავრობისთვის, მათ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობის ადგილზე ჩატანას შეჰპირდა და მიიმალა… ამ საქმით უკვე „კაგებე“ დაინტერესდა და ქართველ თაღლითზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა ის ვერსად მოიხელთეს…
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვანო ხუჭუამ 1976 წელს ჯერ თურქეთში მოახერხა არალეგალურად გადასვლა, იქიდან კი სამხრეთ კორეაში ჩავიდა, სადაც ერთწლიანი ტყვეობა „გაიარა“ და იქვე დამკვიდრდა. ბოლოს სეულში პატარა სასადილო გახსნა, სადაც თავად იყო შეფ-მზარეული და გემრიელ კერძებსაც ამზადებდა. ის 2002 წელს, 72 წლისა გარდაიცვალა, სამხრეთ კორეის დედაქალაქში.
ავტორი: მარი ჯაფარიძე

X