23:58 | 2020-03-13 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რამდენი ადამიანი დაავადდება და გარდაიცვლება კორონავირუსით – მეცნიერები ციფრებს ასახელებენ

რამდენი ადამიანი დაავადდება და გარდაიცვლება კორონავირუსით – მეცნიერები ციფრებს ასახელებენ

ახალ კორონავირუსს თანმდევი საშინელი მახასიათებლების საკმაოდ ვრცელი სია აქვს, რომელიც იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან, აიძულებს, მოიმარაგონ პროდუქტი, ხარბად დაეწაფნენ ახალ ამბებს მედიაში, შეისყიდონ სადეზინფექციო საშუალებები და სამედიცინო ნიღბები. ყელში ოდნავი დისკომფორტიც კი სასიკვდილო დიაგნოზი ჰგონიათ.

 

„ჩვენ ვამჩნევთ პანიკის მატებას დროის მოკლე პერიოდში“, – ამბობს ვეილ რეიტი, ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის კლინიკური კვლევების დეპარტამენტის დირექტორი.

 

შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციამ გამოსცა რეკომენდაციები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ვირუსის აფეთქების დროს.

 

„ნუ უყურებთ, ნუ კითხულობთ და ნუ უსმენთ ახალ ამბებს, რომლებიც თქვენს შფოთვას იწვევს. მოძებნეთ მხოლოდ ის პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც ვირუსისგან თავისა და ახლობლების დაცვაში დაგეხმარებათ“, – გვირჩევს ის.

 

„განახლებული ინფორმაცია მოძებნეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ. დაავადების ეფეტქების შესახებ უწყვეტმა და მუდმივმა ინფორმაციამ შესაძლოა, ძლიერი სტრესი და შფოთვა გამოიწვიოს“.თუმცა, გარკვეული შფოთვა შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, მით უმეტეს, თუ ის აიძულებს ადამიანებს, იყვნენ უფრო მობილიზებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ოთხშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციამ პანდემია გამოაცხადა. ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, კლინიკები გადაიტვირთოს იზოლატორებში ადგილების უკმარისობის გამო. Covid-19 უფრო იოლად ვრცელდება, ვიდრე სეზონური გრიპები, რადგან არავის აქვს ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი.

 

ამ ფაქტების გათვალისწინებით, რაიტი და სხვა დანარჩენი ფსიქოლოგები გამოარჩევენ 7 დამატებით მიზეზს, რომლებიც ხელს უწყობენ Covid-19-ის წახალისებასა და პანიკას, რაც შესაძლოა იყოს კონტრპროდუქტიული.

 

  1. სამედიცინო გაურკვევლობა

გაურკვევლობა გაცილებით მეტ შიშს იწვევს, ვიდრე თავად დაავადება. გაურკვევლობა გახლავთ ის, რომ არაა გამოკვეთილი, რომელი ადამიანები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ, ვინაა გამავრცელებელი, დაცვის რა ზომებია გამართლებული (საკმარისია კი ხელების დაბანა, ხალხმრავლობისგან მოშორებით ყოფნა ან შინ ჯდომა?) და როგორ განვითარდება დაავადების შემდგომი აფეთქება.

 

„ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ გაურკვევლობა იწვევს შფოთვასა და პანიკას“, – თქვა რაიტმა.

 

„ეს იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ შეუცნობელის“. – თქვა მერი ალვორდმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა. – „ამ ვირუსთან დაკავშირებით გვაქვს მთელი რიგი გაურკვევლობა და სიცხადის უქონლობა. გაურკვეველია მაგალითად, არა მხოლოდ დასნებოვნების რისკი, არამედ ისეთი საკითხებიც, როგორიცაა – ჩაიშლება თუ არა დაგეგმილი მოგზაურობა ან კონფერენცია, რომლის ხარჯიც უკვე  გაწეულია; მოუწევს თუ არა ბიზნესს დახურვა ან სამსახურს – გაუქმება. „ეს გაურკვევლობის შფოთვაა“, – თქვა ალვორდმა.

 

გაურკვევლობაა იმ საკითხშიც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად ცუდი იქნება ეს ჩვენთვის, – „ეს ის არის, რაც ჩვენს „ტვინს არ მოსწონს“, – ამბობს ფსიქოლოგი, ნედა გულდი. „არ ვიცით, რა ნაბიჯები გადავდგათ, რის გამოც თავს დაუცველად ვგრძნობთ. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც სურს, ყველაფერი წინასწარ იცოდეს. ამის ნაცვლად, გვაქვს ჩვენი ყოველდღიური რეჟიმის ასეთი დარღვევა, რაც ხელს უწყობს პანიკის ზღვარზე ყოფნას.

 

2. უცოდინრობა

„გრიპი სიახლე არაა, ის ყოველ წელს ვრცელდება და მისი წინასწარმეტყველებაც შესაძლებელია, სეზონურობის გათვალისწინებით“, – თქვა გულდმა. ვინაიდან ახალი კორონავირუსი „არსაიდან“ გავრცელდა, „უცნობობა“ ერწყმის გაურკვევლობას და აძლიერებს შფოთვას. სავარაუდოდ, ეს ევოლუციური მემკვიდრეობაა: პანიკა უცნობი შიშის მიმართ. გადარჩენისა და შთამომავლობის დატოვების საუკეთესო გზაა, რომ განვეწყოთ პოზიტიურად და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

„ემოციები გვიბიძგებენ მოტივაციისკენ, მათ შორის – შფოთიც“, – თქვა რაიტმა.

 

3. ლიდერების წარუმატებლობები

 

საზოგადოების შფოთვას ხელს უწყობს ქვეყნების ლიდერების გაურკვეველი განცხადებები. მაგალითად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსიმ ხალხს აღუთქვა, რომ Covid-19-ის დასადგენად 1,5 მილიონი ტესტი იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს სიცრუე აღმოჩნდა. გასულ თვეში პრეზიდენტმა ტრამპმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც იმ წუთიდან მიიღებდა ტესტს. „ჩვენ გვაქვს საუკეთესო ტესტები, ყველასთვის“, – განაცხადა მან. თუმცა, აშშ-ში არ იყო ტესტების მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობა, რამაც საზოგადოებაში მაღალი თანამდებობის პირების მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ერთმნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირები უნდა ფლობდნენ და ავრცელებდნენ რეალურ ინფორმაციას. „თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათი ყველა შემდგომი განცხადება უნდობლობას გამოიწვევს. როდესაც თანამდებობის პირებისგან მიღებული დაპირება სიცრუეა, ეს პანიკას ზრდის“. – ამბობს რაიტი.

 

4. ზედამხედველობის ექსპერტი

 

შესაძლოა, ადამიანებმა პოლიტიკოსების ნათქვამს ანგარიში არ გაუწიონ, მაგრამ ე.წ. ექსპერტების ნათქვამმა უფრო მეტი შფოთი გამოიწვიოს. აშშ-ში, ჯანდაცვის თანამშრომლებმა საზოგადოებას ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ კარანტინის დროს (დარჩნენ კარანტინში ან გამოვიდნენ გარეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში). ამან გამოიწვია შიში და როცა ეს ეროვნულ დონეზე ხდება, უფრო დიდ პანიკას იწვევს. „ზოგჯერ ლიდერები და ექსპერტები შესაძლო სცენარებიდან ყველაზე რთულ სურათს ხატავენ“.  – ამბობს რაიტი: „ეს აიძულებს ადამიანებს, ინერვიულონ იმის გამო, რომ მათ, ვისაც ეპიდემიის კონტროლი ევალებათ, არ იციან, როგორ მიხედონ მას“.

 

5. უკონტროლობა

 

„გაურკვევლობა არ არის მხოლოდ მედიცინის საკითხებში. ადამიანებმა არ იციან, დაიკეტება თუ არა სკოლები, გაქრება თუ არა მათი სამუშაო ადგილები, გაუქმდება თუ არა დაგეგმილი მოგზაურობები. „ზოგიერთი სიტუაცია უკონტროლობის განცდას იწვევს, რადგან არ ვიცით, რა მოელის იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია და სასიცოცხლოდ ძალზე მნიშვნელოვანია“. – ამბობს ალვორდი.

 

6. ინდივიდუალური და ზოგადი რისკი

 

ტვინი არც თუ ისე კარგად ახდენს ინდივიდუალური და ზოგადი რისკების დიფერენცირებას. მაგალითად, ის აუცილებელი ზომები, რომელიც იტალიამ გაატარა ჩრდილოეთი მხარის დაკეტვით, რისკის ზონაში შესული ქვეყნების ჩამონათვალი, სკოლების დახურვა, თავშეყრის აკრძალვა იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის სისტემისთვის სახიფათოა. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 118 000 შემთხვევაა და პროგნოზირებენ, რომ შემთხვევების რიცხვი მილიონამდე გაიზრდება და დაახლოებით 4 000-მდე ადამიანი გარდაიცვლება, საზოგადოებისთვის რაღა თქმა უნდა, დიდი რისკია, თუმცა ტვინს უჭირს იმასთან შეგუება, რომ ამ ციფრების მიხედვით, ძალზე დაბალია სიკვდილის რისკი. Covid-19 არ არის შავი ჭირი და არც ატიპური პნევმონია. „ადამიანებს უჭირთ ურთიერთგამომრიცხავი 2 აზრის გათავისება: რეალურად, გაცილებით მეტი რისკია ქვეყნებისთვის და მათი ეკონომიკისთვის, ვიდრე უშუალოდ ადამიანებისთვის“. – ამბობს ალვორდი: „ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, ყველაფერი განვაზოგადოთ ჩვენს თავზე“.

 

7. არასამედიცინო შფოთვა

 

ქვეყნებში ფინანსურ განგაშს დამატებული ჯანმრთელობის პრობლემების შიში, იწვევს სინერგეტიკულ ეფექტს. HealthCare.com-ის მიერ 2500 ადამიანის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 48%-მა განაცხადა, რომ არ არიან დარწმუნებული, რომ  გაუმკლავდებიან ახალი კრონავირუსის შემოტევას და მხოლოდ 31%-მა თქვა, რომ მატერიალურად მზად არიან მოსალოდნელი სამედიცინო ხარჯებისთვის.

 

წყარო: https://www.statnews.com

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X