
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. კვლევები აჩვენებს, რომ იმუნიზაცია ადამიანებს ვირუსის მძიმე ფორმების განვითარებისგან იცავს. ასევე, ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკს.
ვაქცინების ეფექტურობის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად ჯანდაცვის ეკონომისტმა, სუმედა გუპტამ თავის გუნდთან ერთად კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. მკვლევართა გუნდის მიზანი იყო გამოეთვალათ ის, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ვაქცინიამ კონკრეტულად აშშ-ში.
კვლევა
2021 წლის მარტში, როდესაც COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ სანდო მონაცემები აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით ყოველკვირეულად გახდა ხელმისაწვდომი, მეცნიერის გუნდმა თითოეულ შტატში ვაქცინაციის მაჩვენებლის, COVID-19-ის შემთხვევებისა და ვირუსით გამოწვეული სიკვდილის მონაცემებს შორის კავშირის გაანალიზება დაიწყო. მათი მიზანი იყო მოდელის შექმნა, რომელიც ვაქცინაციის ეფექტურობის გასაზომად საკმაოდ ზუსტი იქნებოდა.
ანალიზის ფარგლებში გუნდი ითვალისწინებდა იმ ფაქტორებსაც, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, განსხვავება შტატებს შორის ამინდსა და მოსახლეობის სიმჭიდროვეში, სოციალური ქცევების სეზონურ ცვლილებაში და რეგულაციებში, როგორებიცაა ნიღბის ტარება, სახლში დარჩენა, ობიექტების ღამით დახურვა და ა.შ. კვლევისას გუნდმა ისიც გაითვალისწინა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ორგანიზმს გარკვეული პერიოდი სჭირდება ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.
შედეგები
დაკვირვების პროცესი 2021 წლის მარტი-მაისის პერიოდში გრძელდებოდა.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილისა და ვაქცინაციის მაჩვენებლების შედარების შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ პერიოდში კოვიდ ვაქცინებმა დაახლოებით 140 000 ადამიანი სიცოცხლე იხსნა.
„კვლევაში გათვალისწინებული იყო მხოლოდ რამდენიმე თვის მონაცემები ვაქცინაციის დაწყების შემდეგ. ამ მოკლე პერიოდშიც კი, COVID-19-ის ვაქცინებმა ასობით ათასი სიცოცხლე იხსნა მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი იმ პერიოდისთვის აშშ-ს რამდენიმე შტატში საკმაოდ დაბალი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინებმა მთელ მსოფლიოში უამრავი სიცოცხლე იხსნეს და ასეც გაგრძელდება, სანამ ისევ პანდემიაა”, – განაცხადა სუმედა გუფტამ.
მომზადებულია interestingengineering-ის მიხედვით
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















