12:52 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

რამდენი დღე უნდა თქვათ – „ქრისტე აღდგა!“

რამდენი დღე უნდა თქვათ – „ქრისტე აღდგა!“

ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად აღდგა” – ამ სიტყვებს, გამარჯობის ნაცვლად, ქრისტიანები აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში ამბობენ.

 

ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდან იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედებს, უთხრა რომ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც მაცხოვარი ემაუს გზაზე თავად იხილეს, ამ უდიდეს სიხარულს ყველას უზიარებდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, კი მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ და ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას და ცხოვრების განახლებას.

ქრისტიანების ამგვარი მისალმება იმ 40 დღის გახსენებაა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეებთან ერთად გაატარა. უსაზღვრო იყო აღდგომის სიხარული, რომელსაც მოწაფეების გული ვერ იტევდა და აღდგომილი მაცხოვრის მხილველნიც კვლავ ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას.

 

მღვდელმსახურები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას საკურთხეველში ულოცავენ. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან:

 

„ქრისტე აღდგა!” და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღდგა!”

 

შემდეგ ღვთისმსახურები საკურთხევლიდან გამოდიან, მორწმუნეებს ამბიონიდან ქრისტეს აღდგომას ულოცავენ და მათ სამგზის მიმართავენ:

 

„ქრისტე აღდგა!”,  მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად  აღდგა”!

 

ამ სიტყვებით მისალმების ჩვეულება აღდგომის დღესასწაულზე უძველესი დროიდან მოდის. ქრისტეს აღდგომის სიხარულით მისალმებისას მორწმუნე ქრისტეს მოწაფეებს ემსგავსება, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს“ (ლუკა 24, 34).

 

მოკლე გამონათქვამში – „ქრისტე აღდგა!“ , მორწმუნეებისთვის თავმოყრილია რწმენა, სასოების სიმტკიცე და შეურყევლობა. ამ გამონათქვამით ქრისტიანები მარადიულ სიხარულს გამოხატავენ.

 

მართლმადიდებელ ქრისტიანებში, ტრადიციის მიხედვით, ორი ქრისტიანის შეხვედრისას, აღდგომიდან ამაღლებამდე მისალმების პირველ ნაწილს ამბობს ასაკით (ან საეკლესიო იერარქიით) უმცროსი, ხოლო პასუხობს – უფროსი.

 

საერო პირის შეხვედრისას საეკლესიოსთან, პირველი მიმართავს:

 

„ქრისტე აღსდგა! მაკურთხე მამაო“, მეორე კი პასუხობს: „ჭეშმარიტად! ღმერთმა გაკურთხოს!“

 

qartuliazri.ge

ავტორი: Prime Time

X