
ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ვაქცინაციის დაბალ აქტივობას კვლავ ეხმაურება. მისი თქმით, კლინიკაში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, ვაქცინირებული არც ერთი მათგანია.
„ადამიანურად, ექიმურად, როგორც ფსიქიატრს, მშვენივრად მესმის, რომ შეიძლება სინათლე თვალს გჭრიდეს, გეშინოდეს შუქის, არ იცოდე ელექტრონათურის მუშაობის პრინციპები და ამიტომ არ ენდობოდე, ან არ ენდობოდე ვთქვათ მარტო სომხური ნათურების ქარხნის პროდუქციას. მაგრამ… მაგრამ ამის გამო სიბნელე გამოაცხადო ნორმად და ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემოდ – ამაზე დიდი ყეყეჩობა და სირეგვენე ნამდვილად არ ვიცი!
ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული. იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება. ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს. გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით- შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო! რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!“, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.























