19:06 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

რამდენი მანდატი დასჭირდება პოლიტიკურ პარტიას მთავრობის დაკომპლექტებისთვის – მოკლედ და გასაგებად

რამდენი მანდატი დასჭირდება პოლიტიკურ პარტიას მთავრობის დაკომპლექტებისთვის – მოკლედ და გასაგებად

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა.

 

| ვინ და როგორ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს

 

როგორც “პრაიმტაიმთან” კონსტიტუციონალისტები განმარტავენ,

 

თუ პოლიტიკური პარტია პროპორციული წესით ვერ მიიღებს 40.5 %-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას. თუმცა მხოლოდ 40.5 %-იანი უმრავლესობა არ არის საკმარისი მთავრობის ფორმირებისთვის.

 

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ პარტიამ დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი, საჭიროა 76 ხმა.

 

არჩევნებზე, პროპორციული სიით 40.5 %-ის აღება უდრის 48 მანდატს, შესაბამისად, პარტიას სჭირდება დამატებით 28 ხმა მთავრობის ფორმირებისთვის.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში მინიმუმ 28 მაჟორიტარი დეპუტატით შევა, მას შეეძლება სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარტია საკუთარი რესურსებით (პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების ერთობლიობით) ვერ მიიღებს 76 მანდატს, მას მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.

 

| რა პრინციპით განისაზღვრება მანდატები

 

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, “პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

 

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

 

თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები”.

 

 

| რას გულისხმობს შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება

 

აღნიშნული მოდელის მიხედვით (120:30), პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;

 

იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით.

 

აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40-54%-ზე ნაკლებს მიიღებს;

 

 

ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

ავტორი: Prime Time

X