
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოში მოინახულა. სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმდენად დასუსტებულია, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს, რაც მისი შეფასებით, შემაშფოთებელია.
„ძალიან დასუსტებულია, ადამიანი დაინახავს ყოველგვარი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშეც, რომ მას უჭირს გადაადგილება ერთ ოთახშიც, იმ მცირე მონაკვეთში. ამან განაპირობა ის, რომ მან ვერ შეძლო, წასულიყო სასამართლო სხდომაზე და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია. უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას სავარაუდოდ აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.






















