15:40 | 2020-04-15 ავტორი: თამთა თორდია

რამდენიმე რეგიონში სასაფლაოების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს  

რამდენიმე რეგიონში სასაფლაოების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს  

დღეს 15 აპრილს 9 საათიდან თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. ამის შესახებ პრემიერმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

გიორგი გახარიასვე განცხადებით, იმისათვის, რომ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში სასაფლაოებზე ხალხის ნაკადი შეაჩერონ, შესაძლოა სასაფლაოების დროებით ჩაკეტვა გახდეს საჭირო.

 

თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ვინაიდან რეგიონებში უკვე კონკრეტული ღონისძიებები გატარდა ამ მიმართულებით.

 

იმერეთი

 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები სააღდგომოდ დაიკეტება – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სასაფლაოების დაკეტვის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სასაფლაოები სამი დღით დაიკეტება.

 

„დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი.

 

ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება – კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს.

 

ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

სამეგრელო

 

იგეგმება თუ არა სამეგრელოში სასაფლაოების ჩაკეტვა. ამ კითხვაზე „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო რწმუნებული პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა საჭიროების მიხედვით იმოქმედებენ.

 

„ჯერჯერობით, მსგავსი გადაწყვეტილება ჩვენთან არ არის მიღებული, თუმცა, რა მოცემულობაც გვექნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მოწერელიამ.

 

კახეთი 

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასაფლაოების ჩაკეტვა არ იგეგმება, მაგრამ მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა, რომლებსაც მოქალაქეები, სასაფლაოზე მისვლის შემთხვევაში უნდა დაემორჩილონ.

 

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასაფლაოებზე დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. აკრძალული იქნება, სუფრის გაშლა და ადამიანების ჯგუფებად შესვლა.

 

საფლავზე მისვლის მსურველს მოუწევს რიგის მიხედვით გადაადგილება, სანთლის დანთება და უკან დაბრუნება. რეგულაციების დაცვაში, მუნიციპალიტეტებს, პოლიცია დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულზე თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა.

 

ნახეთ: ვის არ ეხება ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა. 

 

ავტორი: თამთა თორდია

X