
197 ადამიანისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ვადა ამოიწურა, ისინი ჯანმრთელები არიან და ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
საქართველოში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 1446 ადამიანი იმყოფება.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 40-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები






















