
მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე ახალი ბრალდებული – შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე გამოჩნდა.
გამოძიების ვერსიით, ლორთქიფანიძემ შეიმუშავა და დაგეგმა – თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა შემოსულიყო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ახალი ბრალდებულის დაკავება არ მომხდარა იქიდან გამომდინარე, რომ ის უკრაინაში იმყოფება.
“კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ჩვენებების ნაწილი, სადაც ამ საქმეზე ბრალდებულები აღწერენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაადგილებას.
ამასთან, “კურიერს” ექსკლუზიურად საქმის პროკურორმა განუცხადა, რომ გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ამ საქმეზე დაკავებული ქართველი მძღოლის, ელგუჯა ცომაიას ჩვენებაა, ბრალდებულის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ აღიარებითი და მამხილებელი ჩვენების შემდეგ, ელგუჯა ცომაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ.
“კურიერმა” ასევე მოიპოვა კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ნარიმანიძის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოდან სანზონამდე მიაცილა. ნარიმანიძე ამბობს, რომ არა იმერული ხაჭაპური, ვერ მიხვდებოდა ელგუჯა ცომაიას დავალებით, ვის ტრანსორტირებას ახდენდა.
„როდესაც ზესტაფონში გავჩერდით, გავიგე, რომ ეს პირი იყო მიხეილ სააკაშვილი, მივესალმე და თავადაც მომესალმა. იმდენად ავნერვიულდი, პოლიციაში დარეკვა არც კი მომაფიქრდა. ერთი მიზანი მქონდა, დროულად მიმეყვანა ისინი მისამართზე და ჩემს საქმეზე წავსულიყავი. თბილისისკენ გზად, მცხეთაში სააკაშვილმა გაჩერება ორჯერ გვთხოვა, ჩავიდა და ვიდეოები გადაიღო, თან რაღაცას ლაპარაკობდა. ის და ელგუჯა ცომაია სანზონაში გზაზე ჩამოხტნენ, მე გავაგრძელე გზა,” – ყვება ნარიმანიძე ჩვენებაში.
ნარიმანიძეს და მასთან ერთად ბრალდებულებს, ელგუჯა ცომაიას, ასევე დამხმარეებს მამა-შვილ წოწორიებს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. გამოძიებამ უკვე მოიპოვა მათი აღიარებითი და მამხილებელი ჩვენებები. საქმის პროკურორი საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
გია ლორთქიფანიძე უკრაინაში იმყოფება. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ბრალს უარყოფს და მის წინააღმდეგ სხვა ბრალდებულების ჩვენებებს საპროცესო შეთანხმების დაპირებას უკავშირებს.
გამოძიება კი ამტკიცებს, რომ გია ლორთქიფანიძე უკრაინაში რამდენიმე თვე გეგმავდა სააკაშვილის საიდუმლო მარშრუტს და კოდური სახელებით გეგმის მონაწილეებს დავალებებს აძლევდა.
გია ლორთქიფანიძე საქართველოში 26 მაისის საქმეზეა ბრალდებული. გამოძიების ცნობით, აქციის დარბევის ბრძანება სწორედ მას მისცა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
არ არის გამორიცხული, გამოძიებამ მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულთა წრე კიდევ გააფართოვოს.























