
ციციშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე დამატებითი კომენტარი კეთდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი კლინიკაში პარასკევს შეიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო.
„ეს პაციენტი ჩვენთან შემოვიდა პარასკევს. შემოსვლისას მისი მდგომარეობა უკვე უკიდურესად მძიმე იყო. მას ბინის პირობებში განუვითარდა გულყრა, რომლის კუპირებაც ვერ მოხდა და ჩვენთან შემოსვლისთანავე დაინტუბირდა ეს პაციენტი, ესაჭიროებოდა მართვითი სუნთქვა.
ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელთა ფონზე კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა. ეს იყო ბავშვთა ცერებლური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ეპილეფსიური სინდრომი. კოვიდინფექციის ფონზე წავიდა პოლიორგანული უკმარისობა, განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ამ დროისთვის მათთან რეანიმაციის განყოფილებაში 24 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ:






















