15:54 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

რას ამბობს ექიმი, რომელმაც კოვიდის ომიკრონი შტამი აღმოაჩინა

რას ამბობს ექიმი, რომელმაც კოვიდის ომიკრონი შტამი აღმოაჩინა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონის“ შტამი გამოჩნდა. ვირუსის სახეობა პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, თუმცა იგი სხვა ქვეყნებშიც მალევე გავრცელდა.

 

ექიმი სამხრეთ აფრიკაში, რომელმაც შტამის არსებობის შესახებ პირველმა განაცხადა, ამბობს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის მქონე პაციენტებისთვის სიმპტომები „უჩვეულოა, თუმცა მსუბუქი“.

 

რას ამბობს ექიმი 

 

ექიმი ანჟელიკა კოტზი უცხოურ მედიებთან პირველი პაციენტების შესახებ ჰყვება, რომელთა სიმპტომები ჩვეულებრივ კორონავირუსთან შედარებით უჩვეულო იყო.

 

ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი, 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც „ძლიერ დაღლილობას“ უჩიოდა. ექიმმა მამაკაცს Covid-19-ზე ტესტირება გაუკეთა და დადებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კოვიდდადებითი აღმოჩნდა მისი ოჯახიც. ამის მიუხედავად, ყველას „ძალიან მსუბუქი სიმპტომი“ ჰქონდა.

 

ექიმთან მიდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები, ასევე მიიყვანეს ექვსი წლის ბავშვი სიცხითა და მაღალი გულისცემით. როგორც ექიმი ამბობს, არც ერთ მათგანს გემო და სუნი დაკარგული არ ჰქონდათ.

 

ამასთან, ექიმი აღნიშნავს, რომ მასთან მისული პაციენტებიდან აცრილი არც ერთი არ იყო.

 

ანჟელიკა კოტზიმ მალევე შეამჩნია, რომ სიმპტომები განსხვავდებოდა არსებული „დელტა“ ვარიანტისტან, რომელიც აქამდე კოვიდის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო მთელ მსოფლიოში. ამიტომ მან ქვეყნის ვაქცინის კომიტეტი ახალი შტამის არსებობის შესახებ გააფრთხილა. რამდენიმე დღეში კი მათ გამოაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ვირუსის ახალი შტამი.

 

„მათი სიმპტომები განსხვავდებოდა იმ სიმპტომებისგან, რომლებსაც ადრე ვმკურნალობდი და მსუბუქი იყო“, – თქვა დოქტორმა კოტზიმ.

 

ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ხანდაზმულებზე ამახვილებს, რომლებიც აცრილები არ არიან.

 

„ახლა უნდა ვიფიქროთ ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან აცრილები და რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მძიმე ფორმებიც ვიხილოთ“,- აღნიშნავს ექიმი.

 

ამასთან, ანჟელიკა კოტზი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ახალი ვარიანტით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ ახსენდება, თუმცა მოსახლოებას აფრთხილებს, რომ ეს სურათი, შესაძლოა, მალე შეიცვალოს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X