
გიორგი გახარია გადაცემაში „რეაქცია“ განმარტავს რატომ იყიდა მისმა მეუღლემ ბინა საფრანგეთში, რომელიც როგორც დეკლარაციაში წერია 470 ათასი ევრო ღირდა.
მისი თქმით, ეს თანხა 2 წლის წინ არ გაჩენილა და მას დეპოზიტზე აგროვებდნენ.
„ზუსტად არ მახსოვს რამდენი გადავიხადეთ. ჩემი დეკლარაცია ივსება 5-6 წელია. ეს ფული, რომელითაც მეუღლემ ბინა შეიძინა, დეკლარაციაშიც ფიგურირებს. ეს ფული მეუღლეს ედო დეპოზიტზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
საფრანგეთში ბინის შეძენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში bm.ge-მ გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერდა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად მისმა მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა შეიძინა. ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472,400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ექს-პრემიერის ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა. გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია წინა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” 538 ათასი დოლარის მოცულობის დანაზოგს ფლობდა. ამასთანავე, 2020 წელს ამ დანაზოგს $20.3 ათასის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა, რაც მას 558 ათასამდე გაზრდიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:























