
„კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეზუგბაია ამბობს, რომ ქვეყანაში ოთხი თვეა, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
თქვენთვის ახალი არ არის. სიახლე ხომ არ არის, რომ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და კვლევა ხდება. რა მოხდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია, მათი ყველა კონტაქტის დაკვლევა ხდება. ანუ, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება.
ადამიანი ელოდება და თუ კლინიკა გამოვლინდება, ამ პაციენტების კვლევა ტარდება. თუ კლინიკა არ გამოვლინდება, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი.
გთხოვთ, ამ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაც განსაკუთრებულ სახეს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც საქართველოში ოთხი თვეა, მიდის. ჩავთვალოთ, რომ ეს შემთხვევებიც არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და დადასტურება მოხდა ინკუბაციის პერიოდის დამთავრების ბოლოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის ბოლო მონაცემები:
საქართველოში კორონავირუსი 757 შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 250 პირს აკვირდებიან.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.























