13:18 | 2021-01-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ფიქრობს ხალხი – NDI-ის კვლევის მთავარი მესიჯები

რას ფიქრობს ხალხი – NDI-ის კვლევის მთავარი მესიჯები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% თანახმაა, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთოს, 41% — წინააღმდეგია. 17% ამბობს, რომ არ იცის.

 

გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ ინფორმირებულია იმის შესახებ, როგორ მიიღოს დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებით, 13%-ს კი ეს ინფორმაცია არ აქვს.

 

ამავე კვლევით თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემაში არსებული მთავარი პრობლემა წამლების საფასურია.

 

მოსახლეობის მიერ დასახელებული ძირითადი პრობლემების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

წამლების საფასური — 46%;

პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევები — 25% ;

საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან მიმართებაში — 16%;

ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა — 14%;

საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა — 13%.

 

კითხვაზე, საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, 60 პროცენტი ფიქრობს, რომ კარგად. 33 პროცენტის აზრით, მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის.

 

გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება 2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით. კითხვაზე – გთხოვთ, მითხარით, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. 2019 ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდე  შემცირდა უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 39% პანდემიასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ წინ არის.

რაც შეეხება ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 38% მთავრობას ცუდად აფასებს, კარგად – 50, ხოლო არ იცის – 11%-მა.

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%.

 

კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 5 – „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25% კი არც ერთ პარტიას.

 

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 პროცენტი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო. მათგან, 92% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში კვლავ მაღალია ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80%, ხოლო ნატო-ს წევრობას 74.

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42%-ს კი მიაჩნია, რომ დემოკრატია არ არის.

 

რაც შეეხება კითხვას, ქვეყანა როგორი მიმართულებით ვითარდება, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32 პროცენტი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

 

პრეზიდენტის მუშაობას გამოკითხულთა 36% ცუდად აფასებს, 34% – საშუალოდ, ხოლო კარგად 15% აფასებს.

გამოკითხულთა 34% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% – საშუალოდ, 15% კი – კარგად. პარლამენტის საქმიანობას ყველაზე ცუდად – 37%-ით, თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში – 18%.

რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა (59%), ინფლაცია (45%), სიღარიბე (28%) და ლარის გაუფასურებაა (27%). მათ მოსდევს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები (14%), დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

 

გამოკითხულთა 32% ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 24% – დადებითად, ხოლო 27% – საშუალოდ. მოცემულ კითხვაზე პასუხად – “არ ვიცი” გასცა 16%-მა.

 

გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობა ყველაზე მეტად სოფელსა (61%) და ქალაქში (62%) აწუხებთ. დედაქალაქში უმუშევრობას მთავარ ეკონომიკურ პრობლემად 55% ასახელებს, ხოლო ინფლაციას – 42%.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X