23:55 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

რას ჰყვება ესპანეთში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომლის სამი წევრიც კორონავირუსით დაინფიცირდა

რას ჰყვება ესპანეთში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომლის სამი წევრიც კორონავირუსით დაინფიცირდა

ესპანეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით 28 603 ადამიანი დაინფიცირდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა რეგიონში საგანგებო მდგმარეობა აქვსგამოცხადებული. ჩვენი ინფორმაციით, COVID-19-ით ესპანეთში მცხოვრებ ასეულობით საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, ვირუსს კი 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

„პრაიმტაიმი“ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მცხოვრებ ოჯახს დაუკავშირდა, რომლის წევრებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი. გოგონა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებთ გვიყვება, რომ თავდაპირველად, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები მის მეუღლეს აღენიშნებოდა, რომელიც ძლიერი მშრალი ხველით და მაღალი ტემპერატურით გამოიხატებოდა. ამის შემდეგ კი COVID-19 მას და მის მცირეწლოვან შვილსაც აღმოაჩნდა. ახალგაზრდა გოგონა თავის ისტორიას გვიყვება.

 

„შაბათს საღამოს ჩემი მეუღლე სამსახურიდან ახალი მოსული იყო, ძლიერი ხველა რომ დაეწყო. ამას მოჰყვა ტემპერატურის მატება და კუნთების ძლიერი ტკივილი. კვირას მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ძლიერი მშრალი ხველა, სუნთქვის გართულება და 40 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა და გაგვიჩნდა შიში, რომ ესშეიძლება ყოფილიყო კორონავირუსი. მაშინვე მივმართეთ ჩვენი უბნის ექიმს და ზედაპირული გადამოწმების შემდეგ ივარაუდა, რომ ეს იყო კორონავირუსი. გვითხრა სახლში წავსულიყავით და სასწრაფო დახმარება გამოგვეძახებინა.

 

დავრეკეთ სასწრაფო დახმარების ცენტრში და ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ექიმები 2 დღის შემდეგ მოვიდნენ. არც კი გავუსინჯივართ, უბრალოდ გვკითხეს სუნთქვის მდგომარეობა გვქონდა თუ არა გართულებული. სუნთქვა გართულებული არ გვქონდა და ამის გამო სახლშიც არ შემოსულან, წავიდნენ და გვითხრეს თუ გაგირთულდათ მდგომარეობა, მერე დაგვიკავშირდითო.

 

სამშაბათს დილით, იგივე სიმპტომები მეც აღმომაჩნდა. დავრეკე სასწრაფოში და მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდი. ამის გამო დავრეკე საკონსულოს ცხელ ხაზზე და როცა გაიგეს ჩემი მდგომარეობა საკმაოდ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. ყველანაირად გვერდით დამიდგნენ, ცდილობდნენ როგორმე დაკავშირებოდნენ სასწრაფოს და ჩვენთან გამოეშვათ. საბოლოოდ, როგორც იქნა მოვიდნენ, გადაგვიყვანეს კლინიკაში და ზედაპირულად გაგვსინჯეს. მოგვისმინეს ფილტვებზე და ივარაუდეს რომ კორონავირუსი გვქონდა. ტესტი არ ჰქონდათ, მხოლოდ ვარაუდის დონეზე გამოგვიშვეს სახლში და გამოგვიწერეს სიცხის დამწევი მედიკამენტები. რამდენიმე დღე ტემპერატურას 40-ის ქვემოთ ვერ ვიგდებდით, გვქონდა კუნთების ძლიერი ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი და უმადობა.

 

2 დღის შემდეგ ჩვენს წლინახევრის შვილსაც იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადაგვიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვიც ისევ ისე გასინჯეს როგორც ჩვენ. მოუსმინეს ფილტვებზე. ფილტვები სუფთად იყო, მაგრამ ძლიერი მშრალი ხველა და ტემპერატურა ჰქონდა 40 გრადუსი. ტესტი მასაც არ გაუკეთეს, იგივე გვითხრეს, რომ ტესტის ნიმუშები ფიზიკურად არ ჰქონდათ. წამოვედით სახლში და ახლა სახლის პირობებში განვაგრძობთ მკურნალობას.

 

სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია. ფაქტობრივად, ადგილები არსად არის. ჩვენ შედარებით  მსუბუქ ფორმაში გვაქვს ვირუსის გამოხატვა და ამიტომ სახლის პირობებში ვმკურნალობთ.. საკონსულომ დაგვაკავშირა ქართველ ინფექციონისტებთან და ყოველდღიურ რეჟიმში მათთან გავდივართ კონსულტაციებს. შესაბამისად, დახმარებას ქართველი ექიმები გვიწევენ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

 

ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ქართველებს და მამა ლუკას, რომლებიც შეუძლებელს აკეთებენ და ყველაფერი მოაქვთ რაც გვჭირდება.“ – აცხადებს ახალგაზრდა ქალბატონი.

ავტორი: Prime Time

X