
ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ ახალგაზრდა ოპერატორი ილია ჯიშკარიანი პირველი იყო ვინც ზუგდიდში, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ უამბო.
„ვინაიდან ჩვენი ოფისი ბანკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, პირველი მივედი ბანკთან, როგორც კი თავდასხმა მოხდა. ყველაზე ახლო კადრი მქონდა თავდამსხმელის და როგორც კი კადრი “დავზუმე”, მომხვდა რეზინის ტყვია წელის არეში, ძალიან მტკივნეული იყო. ტყვია ბანკის პირველი სართულიდან იყო ნასროლი, სადაც იმ დროისათვის თავდამსხმელი იმყოფებოდა. შემდეგ კი, ასევე ბანკის პირველ სართულზე თავდამსხმელმა მინას ორჯერ ესროლა ცეცხლსასროლი ავტომატიდან, თუმცა, ამას არ შევუშინებივარ და გავაგრძელე ჩემი პროფესიული საქმიანობა“, – ამბობს ილია ჯიშკარიანი.
სწორედ ეს არის ის ვიდეო, რომელიც ახალგაზრდა ოპერატორმა სიცოცხლის რეალური საფრთხის ქვეშ გადაიღო. კადრები “ოდიშინიუსის” ფეისბუქგვერდით გავრცელდა და მასში 01:00 წუთიდან ჩანს მომენტი, როდესაც თავდამსხმელი ოპერატორის მიმართულებით ისვრის.
სწორედ ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გადაღებული პირველი კადრები გამოიყენეს ცენტრალურმა არხებმა.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.
ავტორი: თეა შონია






















