
თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
დაკავებული ვასამბეგ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.
„ტვ პირველმა“ სატელეფონო საუბარი ჩაწერა ვასამბეგ ბოკოვის ძმასთან, მუხარბეკ ბოკოვთან.
მუხარბეკ ბოკოვის თქმით, მისი ძმა ბოლოს 1 წლის წინ ნახა და მისივე თქმით, კადრებში, რომელშიც ქავთარაძეზე სპეცოპერაციისას არის გადაღებული, დაკავებული ვერ ამოიცნო.
„გავიგე და ვნახე. დაახლოებით ერთი წლის წინ ვნახე ბოლოს [ჩემი ძმა].მთელი ეს დრო ინგუშეთში იყო. ხან ფაბრიკაში მუშაობდა, ხან ბაზარში ბიჭებთან ერთად ვაჭრობდა. ხანდახან მშენებლობაზეც მუშაობდა.
მან ორი მანქანა ითხოვა უცხო ადამიანებისგან და ორივე დაამტვრია. ამის გამო, ვეჩხუბე, ვცემე რის შემდეგაც გაიქცა.
ვცდილობდი დაკავშირებას. ის არ მირეკავდა. ადრე დამირეკა სად და როგორ იყო. ეს ნომერი ტელეფონში მაქვს მაგრამ ახლა მიუწვდომელია.
ათასჯერ ვნახე ვიდეო, მაგრამ ჩემი ძმა ვერ ამოვიცანი. ის ჩემი ძმა არ არის, არც სიმაღლე ემთხვევა. მე ვარ 1.75 ის ჩემზე დაბალია.
მე არც დედა მყავს, არ მამა. არც ფული მაქვს, რომ წავიდე და გავიგო რა მოხდა“, – ამბობს მუხარბეკ ბოკოვი.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.























