20:22 | 2021-12-06 ავტორი: Prime Time

რას ყვება თვითმხილველი – 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს

რას ყვება თვითმხილველი – 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს

15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს და სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს – ამის საფუძველს იძლევა თვითმხილველების ნაამბობი, რომ ინციდენტში ათამდე პირი მონაწილეობდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიციელები გამოკითხავენ ყველა პირს და თვითმხილველს, ვისაც მომხდართან დაკავშირებით, შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.

 

თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინეს. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი-ის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს არ აღიარებს.

 

 

წაიკითხეთ: „მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები“ – სანზონაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი

 

 

მისივე თქმით, 16 წლის მოზარდი (დაკავებული), მე-9 კლასიდან გამოვიდა და თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა.

 

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. , რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X