12:04 | 2020-09-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ არ არის ქვეყანაში პანიკის საფუძველი – მარინა ეზუგბაიას განმარტება

რატომ არ არის ქვეყანაში პანიკის საფუძველი – მარინა ეზუგბაიას განმარტება

„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სწრაფად განხორციელდა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია.

 

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 158 შემთხვევა დაფიქსირდა
2020-09-12საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 158 შემთხვევა დაფიქსირდა

 

„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ.

 

აი, ასეთი სწრაფი კვლევების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითაც მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც.

 

ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების აქტიური გამოვლენა ხდება, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ შემდგომში დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ წავიდეთ. ეს კარგი გამოსავალია, რათა ამ ახალად წარმოქმნილი კერების თუ კლასტერების ლოკალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X