
„პრაიმტაიმის“ მკითხველს გვინდა უფრო ახლოს გავაცნოთ აჭარის რეგიონის აქტიური, ძლიერი პოლიტიკოსი ქალბატონი ლია შაქარიშვილი, რომელსაც გამორჩეული პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს.
მისი პირველი ნაბიჯი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერობა იყო, რომელსაც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩაუდგა სათავეში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული სიით მონაწილეობის შედეგად, მისი რაიონის საკრებულოს მდივნად, საკრებულოში თანამდებობრივად მეორე პოზიციაზე არჩევა მოჰყვა.
ქალბატონი ლია იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა საკრებულოს მდივანი იყო საქართველოში.
2001 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიიდან კენჭს იყრიდა ქალაქ ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში და აჭარის პარლამენტის ზედა პალატის-სენატის წევრი გახდა.
ის პირველი სენატორი ქალია. რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რომანისტიკის დეპარტამენტში, სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლიდა.
ის ასევე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. პოლიტიკის გარდა, მას შემოქმედებითი ცხოვრებაც აქვს.
თარგმნის ფრაგულიდან ქართულად და პირიქით. მას საპატიო დოქტორის წოდებაც აქვს მინიჭებული.
ამჟამად ლია შაქარიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და მუნიციპალური გენდერული საბჭოს ხელმძღვანელია. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
–რატომ აირჩიეთ პოლიტიკა? ეს თავიდანვე თქვენი სურვილი იყო?
–ჩემი პასუხი ტრადიციული პასუხებისგან განსხვავებული იქნება. კეკლუცობის გარეშე – დიახ, პოლიტიკა ჩემი არჩევანია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, რაც ამ გზაზე შემხვედრია. არ ვიზიარებ მოსაზრებას პოლიტიკის სიბინძურეზე.
რა თქმა უნდა, შორს ვარ იმის მტკიცებისგან, რომ ეს ველი სუფთაა, მაგრამ პოლიტიკა ჩემთვის სიკეთის სამსახურია, თუკი ის პატიოსანი ადამიანების ხელში ხვდება.
პოლიტიკა ცვლილებების საშუალებაა. ხშირად ადამიანები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, რაც ვფიქრობ მცდარი პოზიციაა.
გვინდა თუ არ გვინდა, სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კეთილდღეობას და მისი ხარისხი არჩეულ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული.
ჯანსაღი პოლიტიკური სურათი კი მხოლოდ ორმხრივი-საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ერთობლივი მონაწილეობით, საზოგადოების წარმომადგენელთა პროცესებში აქტიური ჩართულობით მიიღწევა.
ყოველ ჯერზე, როცა მძიმე დარტყმა მიმიღია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასეთი კი არცთუ იშვიათია, განსაკუთრებით ქალებისთვის,
საკუთარ თავს ვუმეორებ, შენ შენი რესურსებით სჭირდები პოლიტიკას და ვალდებული ხარ ეს გზა გააგრძელო საბოლოო მიზნამდე.
–როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ქალ პოლიტიკოსსა და მამაკაც პოლიტიკოს შორის?
–ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ხშირად შემდეგია, რომ ქალები მამაკაცების როლის შეთავსებას ცდილობენ, რაც თავშივე მცდარია.
სქესი ბიოლოგიურ მახასიათებლებს მოიცავს, რომლის ჩანაცვლებაც არ არის გენდერული თანსწორობის მიზანი, გენდერი კი ის სოციალური როლებია, რომელსაც საზოგადოება განუსაზღვრავს ქალებსა და კაცებს.
ასე რომ ამ მხრივ, ქალ და მამაკაც პოლიტიკოსებს შორის სხვაობა მხოლოდ სქესია.
თანაც პოლიტიკა სულაც არ არის მამაკაცების მოღვაწეობისთვის განკუთვნილი სფერო. სწორედ, ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა არის მიზეზი ბევრი მოუგვარებელი პრობლემის,
რადგან მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, საზოგადოება ქალებისა და კაცებისგან შედგება, მათი ინტერესების წარმოდგენას კი პოლიტიკაში თანაბარი წარმომადგენლობა სჭირდება.
რაც შეეეხება განსხვავებას, ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ქალების უპირატესობა დეტალების ხედვის უნარია.
მამაკაცები მეტწილად მასშტაბურად აზროვნებენ, რაც სულაც არ არის ცუდი, მაგრამ შეიძლება გამოეპაროთ დეტალები, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის. ამ თვისებებისა და უნარების გაერთიანება კი საუკეთესო შედეგს მისცემს საზოგადოების განვითარებას.
–როგორც წესი, ხშირია პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ქალები მეტად დამთმობი არიან ამ დროს, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი მწვავე სიტუაცია და როგორ მოქცეულხართ?
–ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა ჩვენი საზოგადოება ვერ გათავისუფლდა წარსული გამოცდილებისგან –პოლიტიკური შეხედულების განსხვავება მტრული დაპირისპირების მიზეზია მეტწილად.
მე მშვიდი მოდებატე ვარ, ვამჯობინებ არგუმენტებს პოზიციის დასაფიქსირებლად და არა ემოციებს (თუმცა ემოციებსაც უნდა ჰქონდეს ადგილი, საჭირო შემთხვევაში), აგრესია კი მიუღებელია.
თქვენმა კითხვამ წლების წინანდელი პირდაპირი ეთერი გამახსენა, სადაც ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარე ვისხედით.
მიუხედავად ჩემი მშვიდი პასუხებისა, მეორე მხარე მწყობრიდან გამოვიდა (ქალი გახლდათ) და აგრესიული შეძახილებით დატოვა სტუდია.
ასე რომ, სიმშვიდე ან აგრესია არ არის სქესისთვის მახასიათებელი იდენტობა. უბრალოდ, ქალების აგრესიულობის მიმართ ნაკლები შემრიგებლურობაა, როცა იგივეს ან უფრო მეტს, მამაკაცს მარტივად მიუტევებენ.
–ახალი კორონავირუსის დროს როგორ მუშაობდით?
პამდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი, თუმცა საქმე გაათმაგდა. ახალი გამოწვევეის წინაშე დაგვაყენა და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედება გვასწავლა.
მეც და საკრებულოს თითოეული წევრი ვიყავით, როგორც მოხალისის როლში – ვაწვდიდით სასურსათო კალათებს სოციალურად დაუცველ ფენას, ასევე ვეხმარებოდით უცხოეთში ჩარჩენილ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.
მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ვისთანაც შეხება მქონდა. ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ და ოპერატიულად მოქმედებდნენ.
სწორედ მათი ეფექტური საქმიანობითა და გულიოსხმიერებით შევძელით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა.
მიმდინარე პერიოდში, ვეხმარებით მოქალაქეებს ინფორმირებაში როგორ ისარგებლონ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათებით და ელექტრონული რეგისტრაციით.
–სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და წარმატების საიდუმლო რაშია?
–გეგმა პოლიტიკურად კიდევ უფრო ზრდა და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაა. მინდა მეტი ქალი ვიხილო გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ამაში ჩემი როლიც იყოს.
რაც შეეხება წარმატების საიდუმლოს, ის სხვა არაფერია თუ არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასი პროცენტით, სრულად აღება.
ეს ყველაფერი კი გულმოდგინე შრომას გულისხმობს და დაუღალავ, თანმიმდევრულ სვლას წარმატებისკენ.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















