16:11 | 2020-05-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა მიზნით ჩამოდის ჩინეთიდან საქართველოში მუშა ხელი, უჰანიდან კი, სპეცდანადგარებსაც ჩამოიტანენ

რა მიზნით ჩამოდის ჩინეთიდან საქართველოში მუშა ხელი, უჰანიდან კი, სპეცდანადგარებსაც ჩამოიტანენ

დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში ათობით ჩინელი უკვე იმყოფება. ისინი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად პირველადი სამუშაოებისთვის ჩამოვიდნენ.

 

საქმე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ეხება. პროექტი სამწლიანია და ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი ჩინურმა კომპანიამ უნდა ააშენოს.

 

ადგილობრივები პანდემიის გამო, შიშობენ, რომ საქართველო ეპიდაფეთქების ახალი კერა გახდება.

 

„უკვე ადგილზე არის ათობით ჩინელი, ისინი ორ სოფელში: ნაღვარევსა და ქვეშეთში ცხოვრობენ.

 

ერთ-ერთი მათგანი რუსულ ენაზე საუბრობს. გვითხრა, რომ ჩინეთიდან ჩამოსაყვანი სპეციალისებისა და მუშა ხელისთვის საცხოვრებლებს ეძებენ და ხელშეკრულებებს აფორმებენ.

 

ვიცით, რომ ბევრი ჩინელი ჩამოვა ამ გზის ასაშენებლად. გვეშინია, ეპიდემიის პირობებში, საქართველო COVID-19-ის აფეთქების ახალი კერა არ გახდეს.

 

ეს პროექტი სამწლიანია და ისინი ამ ხნის განმავლობაში ქვეშეთსა და კობში იცხოვრებენ.“ – ამბობს გიორგი ბურდული.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალებზე სასაუბროდ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ადგილზე ჩინელების ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი მანამდე გადმოკვეთეს, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა.

ეპიდემიის დაფიქსირების შემდეგ ჩამოსულ ჩინელ სპეციალისტებს გავლილი აქვთ საკარანტინე რეჟიმი.

 

„გვირაბების მშენებლობა სპეციალური დანადგარით უნდა მოხდეს, რომელიც უჰანის პროვინციაში იწყობა და იქიდან როდის ჩამოვა არ ვიცით. მშენებლობის ვადები არ შეიცვლება. დიდი და რთული პროექტია, რომელიც 3-4 წელს გაგრძელდება.

 

ამ მშენებლობას შემოსავალი მოაქვს ადგილობრივებისთვის, როგორც საცხოვრებლის, ისე – კვების თვალსაზრისით.

 

ახლა, იქ შენდება ტექნიკის განსათავსებელი კემპი. ზუსტად რამდენი ჩინელი ჩამოვა ამ გზის ასაშენებლად არ ვიცი, მაგრამ მშენებლობაში ჩართული დაახლოებით, 70 პროცენტი ან მეტი ადგილობრივი იქნება, დანარჩენი – ჩინელი.

 

ეს ასე ხდება, თურქებს თურქები ჩამოჰყვათ, ჩინელებს – ჩინელები. ადგილობრივებს კი, ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ, ვისაც სურვილი ექნება.“ – აცხადებენ უწყებაში.

 

რა რეკომენდაციები აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ამ საკითხზე „პრაიმტაიმი“ მუშაობს და ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X