18:08 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

რატომ დადის მარნეულში შეიხი ვირით

რატომ დადის მარნეულში შეიხი ვირით

მარნეულში მუსლიმ შეიხს, მირტაგი ასადოვს 20 ოჯახისთვის დასახმარებლად გამზადებული სურსათის დარიგება ვირზე შებმული ურიკით მოუწია.

 

ასადოვი აცხადებს, რომ მარნეულის მერიაში ავტომობილით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

 

„საშვის გაკეთების თხოვნით მერიას მივმართე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო, უარი მითხრეს. გამოვნახეთ ასეთი გამოსავალი და ამ ხალხს სასურსათო პაკეტები ვირით და ურიკით დავურიგეთ“,- ამბობს მირტაგი ასადოვი.

 

საშვის არგაცემის მიზეზი „პრაიმტაიმმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში გაარკვია.

 

როგორც სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, ოქტაი ისაევმა განაცხადა, პიროვნება არ არის მათი ორგანიზაციის ოფიციალური წევრი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის თხოვნით არ მიუმართავს.

 

მიტრაგი ასადოვს, ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა არც ის არ ვიცი ვისთან რა თხოვნით მივიდა. მას აქვს თავისი ორგანიზაცია. დამოუკიდებელი შეიხია.

 

არ არის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფიციალური წევრი, თუმცა ჩვენ მის დახმარება ამ შემთხვევაში შევძლებდით.

 

ყველა ჩვენს იმამს უკვე გავუკეთეთ სპეციალური საშვები და მარხვის დროს ჩვეულებრივ შეძლებენ გადაადგილებას და მეჩეთებში მსახურებას“,- გვითხრა ოქტაი ისაევმა.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განაცხადეს, რომ შეიხს პიროვნებას ოფიციალური მიმართვა არ გაუკეთებია.

 

„მერიაში ოფიციალურად საკითხზე არავის არ მოუმართავს, თორემ ჩვენ შესაბამის ორგანოებს მივმართავდით და ეს პიროვნებას ავტომობილით გადაადგილების სპეციალურ საშვს გაუკეთებდნენ, ასე სიტყვიერად მომართვით ვერავის დავეხმარებით“,- განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მარიამ ქველაძე 

ავტორი: Prime Time

X