
ის უყვარდათ და მას შენატროდნენ, ის დაუმარცხებელი და ლეგენდარული იყო. იმდენად ლეგენდარული, რომ თითქმის საუკუნის შემდეგაც, მის სახელს და გვარს, წარმატებებსა და მიღწევებს ახლაც ვაცოცხლებთ. მართალია, არჩილ მდივანის დამრჩდილავი არავინ იყო, თუმცა მას დაუპირისპირდა საბჭოთა რეჟიმი და შეიწირა კიდეც.
არჩილ მდივანი ცნობილი ჩოგბურთელი იყო. ის ჩეკისტების ტყვიას რომ გადარჩენოდა, შესაძლოა, საერთაშორისო დონის ჩემპიონი გვყოლოდა ქართულ სპორტში. თუმცა, ტურნირამდე იყო, გაწითლებული საქართველო, დამონებული ქართველები, გაყიდული მამულიშვილები და გაწყვეტის წინაშე მდგომი ღირსეული პატრიოტები. მერე სტალინი და სამეული, ჯალათი და მიზანში ამოღებული ტყვია, მსხვერპლი, 26 წლის არჩილი.
მდივნების ოჯახში იყო ბელადის თანამოაზრე და თანამებრძოლი, ბუდუ. მათ წინააღმდეგ კი, გასაბჭოებულ საქართველოზე დადარდიანებული, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და თავდადებული მენშევიკი, ბუდუს ძმა, სიმონ მდივანი.
ტირანთან მეგობრობამ და ბრძოლამ ბუდუს ჯერ თავბრუდამხვევი კარიერა, აღიარება, პატივისცემა და მერე, საკანი და ტყვია მოუტანა. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, სტალინსა და მდივანს შორის იდგა ბერია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ოჯახის გასანადგურებლად. გააკეთა და გამოუვიდა კიდეც. განადგურდა მდივნების დინასტია.
ევროპიდან ისევ საბჭოეთამდე
ყველაფერი სულ სხვაგვარად დაიწყო. არჩილი და მისი და-ძმა უზრუნველად ცხოვრობდნენ. დიპლომატ მამას ხშირად დაჰყვებოდნენ საზღვარგარეთ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, საბჭოთა კავშირს გაღმა სამყარო ენახათ და შეეთვისებინათ. გაეცნოთ, როგორი იყო არა წითელი, არამედ სულ სხვა ფერის, ფერადი სამყარო.
ბუდუს შვილებმა განათლება ევროპაში მიიღეს. მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ოჯახში მთავარი ღირებულება სწორედ სწავლა იყო. ევროპული განათლებით ჩამოსული ახალგაზრდა მდივნები საბჭოთა შავ-თეთრ სივრცეში აგრძელებდნენ მოღვაწეობას. ძნელი სათქმელია, საბჭოეთის წითელ კონტურებს გულშემატკივრობდნენ თუ არა, ბუდუს შვილები. თუმცა, ფაქტი მათ არაორდინალურ ბუნებაზე ნათლად მეტყველებს. საბჭოთა ჩინოვნიკის დადგენილ წესებში ვერ ჯდებოდა არჩილი. მას დასავლეთივით თავისუფალი ბუნება ჰქონდა ბავშვობიდანვე. ამიტომ კურიოზული სიტუაციები ხშირად უქმნიდა ბუდუსა და მის მეუღლეს უხერხულობას.
არჩილის განვლილ დიდ გზაზე, მისი შთამომავალი, თეონა მდივანი საუბრობს. ის ამ დიდი ოჯახიდან უკანასკნელი მდივანია. საბჭოთა ტირანია ასი წლის შემდეგაც წარმატებით შეწყვეტს ამ გვარს. მომავალი თაობის მდივანი აღარ არსებობს.

მდივნების ოჯახის უკანასკნელი მოჰიკანი სათუთად ინახავს იმ ისტორიებს, რომლებსაც მას თავისი წინაპრები უყვებოდნენ. ახლა, თავის შვილებს აცნობს დიდი ოჯახის თავგადასავალს, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა დაიწყო და დაასრულა კიდეც…
დაიწყო ლამაზად შეფუთული ტყუილებით, თავსმოხვეული პროპაგანდისტული მიზნებით და დაასრულა ტყვიით, 11 სულიანი ოჯახიდან რვა დახვრიტეს. სტალინი ნელ-ნელა იშორებდა ყველას, ბერიას სახელით, თუმცა თავისი ხელმოწერით. მათაც იმეტებდა, ვინც ფაქტობრივად თავის ხელში იზრდებოდნენ, ასეთი იყო არჩილ მდივანიც. ცელქი ბავშვი, რომელიც ერთ დროს ბელადის სახლში, წყეული კიტელითა და ქუდით დარბოდა…
„იმის გამო, რომ ბუდუ და სტალინი ახლო მეგობრები იყვნენ, მოსკოვში ვიზიტისას მდივნების ოჯახი სტალინთან ჩერდებოდა. ერთხელაც არჩილი შეპარულა სტალინის ოთახში, ჩაუცვამს მისი ცნობილი კიტელი და დაუხურავს ქუდი. ასე დარბოდა სტალინის სახლში… ეს მისი ხასიათი იყო, მოუსვენარი და ცელქი.“ – იხსენებს მდივნების უკანასკნელი შთამომავალი.
საბედისწერო ჩოგანი
ხალისი და სიცელქე არჩილს ახალგაზრდობამდეც გაყვა. უყვარდა თავისუფლება და ბრძოლა თავის უფლებისათვის. კეთილი ჩანაფიქრით, არაორდინალურმა ქცევამ, თბილისის ოპერაში წარმოდგენა თითქმის ჩაშალა. ამის მომსწრე, თავად ბუდუ და მისი მეუღლე გახდნენ.
„ქალბატონებში სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ის ძალიან სიმპათიური და ქარიზმატული იყო. მოსწონებია ერთ-ერთი მოცეკვავე, ამიტომ შეპარულა ოპერაში, გადაუცვამს სასცენო ტანსაცმელი და სცენიდან ცდილობდა, თავის მოწონებას იმ ქალბატონისთვის. შემთხვევით, წარმოდგენას ესწრებოდნენ ბუდუ და მისი ცოლი ანუ მშობლები. შემთხვევით ნახეს თავიანთი ვაჟი როგორ ოხუნჯობდა. ისეთი ამბავი ატყდა კინაღამ სპექტაკლი ჩაიშალა. “
არჩილი გატაცებული იყო სპორტით. ის მშობლებმა ჩოგბურთზე მიიყვანეს. შემთხვევითობამ თვითნაბადი ტალანტი გამოავლინა და ლეგენდარულ სპორტსმენობამდე მიიყვანა და ნახევარი მსოფლიოს აღიარება მოუტანა. ჩოგანი მის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ამბობენ, არჩილი კორტებზე ქმნიდა სანახაობას, აწყობდა ნამდვილ შოუს. მან დროს გაუსწრო და ისეთი სტილით დაიწყო ასპარეზობა, რომელიც 21-ე საუკუნის დამდეგს დაიწყეს.

„თავიდან თვითონაც არასერიოზულად ეკიდებოდა ჩოგბურთს. ნიჭმა სძლია და გადაწყვიტა სერიოზულად მიჰყოლოდა ჩოგბურთს. აბოკოშემ გააკეთა კორტები და ის წვრთნიდა ჩემპიონებს. მასთან დაიწყო არჩილმა ვარჯიში. იმ პერიოდში სპორტის ცენტრად ითვლებოდა ლენინგრადი და იქ გადავიდა არჩილიც. იქ მოიპოვა თავისი ცნობილი გამარჯვებები. გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. დიდი პოტენციალი ჩანდა მის თამაშში.
ამიტომ განსაკუთრებულად უყვარდათ არჩილი. 36 წელს მწვერვალს მიაღწია. 37 წელში კი ის იყო, საბჭოთა პირველობისა და საერთაშორისო ტურნირის კანდიდატი. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მდივანი საერთაშორისო ტურნირზე საბრძოლველად ემზადებოდა. ცნობილი ჩოგნების წინასწარმეტყველებას კი, ახდენა არ ეწერა. 1936 წელს დააპატიმრეს არჩილის მამა, ბუდუ მდივანი. მას ბრალად ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრობა წარუდგინეს. სტალინისა და საბჭოთა ღირებულებების ერთგული ბუდუ აღიარებას არ აძლევდა. გულუბრყვილოდ ელოდა საკანში მეგობარ სტალინს, ეგონა მან არაფერი იცოდა ბუდუს პატიმრობის შესახებ.
დრო გადიოდა, ჩეკისტები მის გათავისუფლებას არ ჩქარობდნენ. მეტიც, საკნებს ემატებოდა პატიმარი მდივნები. მისი ვაჟიშვილები. გადასახლების ტალღას გააყოლეს ბუდუს ცოლი და ქალიშვილი. გისოსებს მიღმა მხოლოდ არჩილი იყო. შეუვალი ბუდუ უკან არ იხევდა, საბჭოთა გამოძიებას ბრალის აღიარებაზე ისევ უარს ეუბნებოდა. საბჭოთა მოსახლეობა კი, მონური დუმილით მორიგ საჩოგბურთო ტურნირს ელოდა. იქ არჩილს უნდა ეასპარეზა. ჩოგნის ჯადოქარმა, გამარჯვება მოიპოვა ოჯახის გათავისუფლების იმედით. თუმცა, საბჭოთა ირონია არც იქ ცხრებოდა…
„მას შეუთვალეს, რომ თუ ტურნირს მოიგებდა, მის დაპატიმრებულ ოჯახს გაათავისუფლებდნენ. რა თქმა უნდა, არარეალისტური იყო. თუმცა, არჩილმა ამ სულისკვეთებით იასპარეზა, ალბათ, დიდი წნეხიც იყო მისთვის. არჩილმა თამაში მოიგო.“
ტურნირიდან ჯალათამდე
სპორტის ქომაგები და ოსტატები გამარჯვებას ზეიმობდნენ. არჩილის ტალანტის წინაშე ქედს იხრიდნენ და ეთაყვანებოდნენ. მართალია, ხვდებოდა, რომ არარეალისტური იყო მდივნების ოჯახის გათავისუფლება საბჭოთა მარწუხებისგან, მაგრამ მაინც ეცადა, თავისი წვლილი შეეტანა ოჯახის დაბრუნებაში. ჩეკისტები პირობის ასრულებას არ აპირებდნენ, მეტიც, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბუდის ერთადერთი თავისუფალი შვილიც დაეპატიმრებინათ და პირველი ჩოგანი დაეხვრიტათ. ის ტურნირის გამარჯვებისათვის მიძღვნილი ბანკეტიდან სამეულმა გამოიყვანა და საკანში გაისტუმრა.
„გამარჯვების აღსანიშნავ ბანკეტიდან წაიყვანეს არჩილი და ისიც დააპატიმრეს. 13 სექტემბერს ისიც დახვრიტეს. არჩილი იყო მდივნების ოჯახიდან უკანასკნელი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმეს. მაშინ ის 26 წლის იყო.“

არჩილ მდივანი 1937 წლის 17 აპრილს დააპატიმრეს. მას ბრალად წაუყენეს ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბუდუ მდივანთან კავშირი და ბერიას მოკვლის განზრახვა. არჩილ მდივანმა გამოძიებისას თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ თვლიდა, მისი მამა, ბუდუ მდივანი, უდანაშაულო იყო და უბრალოდ მას ცილი დასწამა ბერიამ. არჩილი გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ და იხელმძღვანელა საბჭოთა კანონმდებლის, 58-8, 58-11ე მუხლებით. სხდომა ჩატარდა 1937 წლის 13 სექტემბერს. როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ხდება ცნობილი, არჩილმა დაადასტურა ძიებისთვის მიცემული ჩვენება და თავი ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ საბჭოთა სასამართლოსთვის მეტი აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.
სასამართლო სხდომა მატულევიჩის თავმჯდომარეობით გაგრძელდა 20 წუთს. 1937 წლის 10 აგვისტოს სიის მიხედვით, არჩილ მდივნის დახვრეტას ხელი მოაწერეს: სტალინმა, მოლოტოვმა და კაგანოვიჩმა. განკარგულების შესაბამისად, არჩილი ჯალათმა 1937 წლის 14 სექტემბერს, სასამართლოდან მეორე დღესვე დახვრიტა.
„არჩილი დახვრიტეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულების მსგავსად, საერთო ორმოში განისვენებს. მისი საფლავი არ არის ცნობილი, როგორც მისი ძმების, დის, მშობლების და კიდევ, უამრავი ქართველის. ერთადერთი მემორიალური დაფაა ზუბალაშვილების ქუჩაზე, წარწერით: აქ ცხოვრობდა, ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი, არჩილ მდივანი.“
საბჭოთა უსამართლო სამართალი
მაშინ, როცა რეჟიმი კლავდა არჩილს, მამამისი, ბუდუ მდივანი უკვე დახვრეტილი იყო. ის საბჭოთა ტირანიამ 1937 წლის 10 ივლისს დახვრიტა. ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, მათშორის არჩილმაც. მდივნები საბჭოთა მძევლები იყვნენ. ბუდუ კი, საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, ამას ყველაზე გვიან მიხვდა, ნანობდა კიდეც, თუმცა უკვე ძალიან დაგვიანებული იყო, ტირანიის გააზრება.

„არჩილი იყო ერთადერთი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, რომელიც დახვრიტეს. ბუდუმ იცოდა, რომ მისი შვილები პატიმრობაში იყვნენ და რომ აწამებდნენ. არჩილი ყველაზე დიდ გაუგებრობაში იყო. მას არ ესმოდა რა დააშავა და რისთვის სჯიდნენ. ბუდუ ალბათ, მზად იყო, ყველაფრისთვის. როცა სტალინის რეჟიმის ჩინოვნიკი ხარ, ალბათ აცნობიერებ, რომ ან დაგხვრეტენ, ან გადაგასახლებენ… შვილების დასჯას ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა.“
რა სარჩული დაედო მდივნების ამოწყვეტის გადაწყვეტილებას, რატომ გახდა ასე პირწმინდად მათი გაქრობა ძნელი სათქმელია. ოჯახი არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში. ისინი ერთგულად თანამშრომლობდნენ სტალინთან. თუმცა, ბელადმა გაიმეტა ბუდუ და მისი შვილები. ისინი, ვინც ბავშვობა ბელადის თვალწინ გაატარეს. მდივნების მიზანმიმართული განადგურების ტალღას ბევრი მათი ახლობელი და ნაცნობი გადაყვა.
„გარდა ჩვენი ოჯახისა, ოჯახთან დაკავშირებული პირებიც მოყვნენ რეპრესიებში. ოჯახის მძღოლიც კი და უბრალოდ, ოჯახის ახლობლები, რომლებსაც საქმიანი კავშირი ბუდუსთან არასოდეს ჰქონიათ.“
ალბათ, სისხლიანი ბოლშევიზმის მთელი სიმძიმე ბუდუმ იგრძნო. ის არ ყოფილა მხოლოდ დაპატიმრებული ყოფილი ჩინოვნიკი. ის პირველ რიგში, იყო მამა და მეუღლე. ოჯახი, ვის გამოც, ცხოვრობდა და ამაყობდა, შინსახკომის ციხის საკნებში წამებით ანადგურეს. ალბათ, მათი ოჯახის გადარჩენის იმედად არჩილი ეგულებოდა. ბუდუ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, შვილის დახვრეტას აღარ მოსწრებია. ცნობილია, ბუდუს უკანასკნელი გზა ტყვიამდე.“
„ბუდუზე არის ასეთი ინფორმაცია, როცა სატვირთო მანქანამ მიაკითხა, ის ძალით ჯალათებს არ აუყვანიათ. თავად გააღო კარი და მძღოლის გვერდით დაჯდა. ბადრაგებმა ვერ გაუბედეს ეთქვათ, რომ სხვა დასახვრეტებთან ერთად ასულიყო სატვირთო ბანზე. “
ერთადერთი დანატოვარი – მემორიალური დაფა
არჩილ მდივნის სახსოვარი, ძვირფასი, თუმცა უსულო მარმარილოს დაფაა. მან დაოჯახებაც კი ვერ მოასწრო, ის არ ყოფილა მამა, არ დაუტოვებია მდივნების დიდი დინასტიის წარმომადგენელს, პირდაპირი შთამომავალი. მის სახელს, ხსოვნასა და ისტორიებს სათუთად ძმის შვილთაშვილი ინახავს. თეონა, დედის გადაწყვეტილებით, გახდა მდივანი. ის დედის გვარს ატარებს, იმისათვის, რომ ერთი თაობით გვიან შეწყდეს ამ ოჯახიდან მდივნის გვარის მატარებელი.

„ამ გვარის ტარება არის დიდი პატივი. ყოველთვის მქონდა ამ ტრაგიკული ოჯახის მიმართ პატივის ცემა. საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს მოსაყოლი ისტორიები. ჩემი ოჯახის ისტორია არა ერთ, არამედ მთელ ოჯახს ეხება. ბუდუს შვილებსაც ჰქონდათ თავიანთი გზა, შეეძლოთ დიდი კვალი დაეტოვებინათ საქართველოსთვის. ისინი არ ყოფილან უბრალოდ ბუდუს შვილები. როგორც მე გავიზარდე ამ ადამიანების ისტორიებზე, ისევე იზრდებიან ჩემი შვილებიც. მე არჩილის უკანასკნელი უახლოესი ნათესავი ვარ. ამიტომ, პატივისცემით ვიხსენიებ მის ხსოვნას.“
საბჭოეთი, რომლის წიაღს დღესაც შენატრიან და ახლაც ჰყავს გულშემატკივრები, იყო ცალსახა ბოროტების იმპერია, სადაც ადამიანური და აბსტრაქტული არაფერი ყოფილა. არც მეგობრობა, არც სითბო, არც მოგონება და არც სიყვარული. საბჭოეთში მხოლოდ სისხლის ღვრა იყო მუდმივი და კონკრეტული. ეს იყო არაღიარებული გენოციდი. საუკეთესო ქართველების გაწყვეტის გზით, შიშის სინდრომის გავრცელება და ხალხის დამონება, დემორალიზება. სამწუხარო წარსულია, თუმცა, უფრო სამწუხარო აწმყოა. აწმყო, სადაც რუსეთის შავ-ბნელ მხარეებში ახლაც ეძებენ ნათელ ფერებს.
საქართველო უპირველეს ყოვლისა
მოკვდა ბელადი და სიკვდილი შეეპარა რეჟიმს ნელ-ნელა. დადგა დრო, როცა უპასუხო კითხვებს, პასუხი გაეცათ. 1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა მდივნების ოჯახი. სპეც. კომისიამ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა ამოწყვეტილ ოჯახში. ან კი რა დანაშაულია, სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა და თავდადება?! საბედნიეროდ, მსგავსი სულისკვეთების ადამიანებს ჩვენს დროში, არა დამნაშავეებს, არამედ – გმირებს უწოდებენ.
ცხოვრების დაუწერელი კანონია ალბათ, სახელმწიფოს და ერის არსებობისთვის ბრძოლა, ერთგულება, თავგანწირვა და ამის საპირწონედ, ღალატი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მოღალატის მხარდაჭერა, ბოლოს სინანული. სინანული, რომელსაც დრო და ისტორია გამოასწორებს, თუმცა კონკრეტული ადამიანები ვეღარ შეძლებენ შეცდომების გამოსწორებას. ყველას ერთად კი დრო არ ინდობს. გარბის და უბრალოდ სახელებს არქმევს მათ: გმირებს ან ანტიგმირებს. დადგა დრო, როცა საქართველოს ისტორიამ მხოლოდ გმირები უნდა მოიცვას, საქართველოს გვერდით დგომის დროა, აღმშენებლობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხორცშესხმის დრო…






















