
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ „პირველ არხზე“ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საინტერესო ისტორია გაიხსენა.
თავდაპირველად, გაბელიამ 1981 წლის 13 მაისის წარმატებაზე ისაუბრა და განსაკუთრებულად, „ვესტ ჰემთან“ გამარჯვება გამოარჩია.
„მაშინდელ თამაშებს რომ ვნახულობ, ეს ყველაზე მაღალი ტემპის თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებია – „ლივერპულთან“ შეხვედრაზე მაღალ ტემპშიც კი ვითამაშეთ.
ბურთი არ ჩერდებოდა. ჩვენ კონტრშეტევაზე ვითამაშეთ, თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ საშამ (ჩივაძე) ანგარიში გახსნა და მერე ყველაფერი აეწყო. ნამდვილად ძალიან კარგი გუნდი იყო“, – ამბობს ოთარ გაბელია.
ამის შემდეგ „დინამოს“ ოქროს თაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ფეხბურთელმა 1979 წელს, ლივერპულთან ჩატარებული შეხვედრა გაიხსენა.
„ლივერპულთან“ პირველ მატჩში საინტერესო ამბები მოხდა. მაღალი გადაცემა წამოვიდა, „მეორე სართულზე“ ბრძოლა კი დალგლიშს უყვარდა, რომელსაც ლივერპულში მაშინ ძალიან აფასებდნენ.
ბურთის ასაღებად გამოვედი და ხელი ჩავარტყი… ცოტა უხეშად კი მომივიდა.
იქ ხომ ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა, დალგლიშს როგორ ეუხეშაო და ჩემსკენ „კოკა-კოლას“ ბოთლები წამოვიდა,“ – იხსენებს ოთარ გაბელია.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს „თბილისის დინამო“ თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. თბილისურმა გუნდმა ფინალში გერმანული „კარლ ცაისი“, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.






















