
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად კახიძე ამბობს, რომ მან პარტია საკუთარი სურვილით დატოვა და „ევროპული საქართველოს“ რიგებს შეუერთდა.
„ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხულმა ბათუმის საკრებულოს წევრმა საკუთარი გადაწყვეტილება.
თემურ კახიძე “ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა. მისივე განცხადებით მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.
“მე ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის არ არის აპრიორი, რომ ვიყო თანამდებობაზე. გადავდექი იურიდიული კომისიის თანამდებობიდან. რატო წავედი იქ სადაც წავედი? ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს. არის პროფესიონალი ხალხით დაკომპლექტებული და გააჩნიათ ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანონს დღეს ქვეყანა კრიზისიდან რაც არის დღეს საქართველოში. მე ამას მოვახერხებ “ევროპულ საქართველოსა” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად.
მე არ დავუჭირე “ამბასადორის” პროექტს მხარი, რაც შეეხება “რივიერას” მე მას მხარი დავუჭირე და “ევროპული საქართველოს რიგებიდანაც დავუჭერ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება”-განაცხადა თემურ კახიძემ.























