15:26 | 2020-01-15 ავტორი: Prime Time

რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება 3-4 საათით – არადამაიმედებელი პასუხი კითხვაზე

რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება 3-4 საათით – არადამაიმედებელი პასუხი კითხვაზე

რატომ ეძახიან სასწრაფო დახმარებას სასწრაფოს? – ამ კითხვას ბოლო დროს განსაკუთრებულად სისტემატურად ვიგებთ და უკვე ვეღარავის გააკვირვებ, როცა უყვები, რომ ძალიან ცუდად იყავი, სასწრაფო გამოიძახე და ის 2,4 საათის შემდეგ, ან სულაც მეორე დღეს გამოჩნდა.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია, ფიქრობს თუ არა რომელიმე პასუხისმგებელი პირი ამ საკითხის მოგვარებას.

 

სასწრაფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თაკო სარიშვილის თქმით, არ ხდება სწორი მიმართვიანობა და გრიპის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ჩაწერა და ვიზიტი.

 

„დაგვიანებები გამოწვეულია გრიპის ფონზე და ამიტომ მიმართვიანობაც გაზრდილია. აუცილებელია პაციენტმა გრიპის შემთხვევაში მიმართოს ექიმს. ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტების მიხედვით და როდესაც პაციენტს გადაუდებელი, სიცოცხლისთვის საშიში დახმარება სჭირდება პირველი მივდივართ მასთან 10-25 წუთის განმავლობაში“, – ამბობს სარიშვილი.

 

მისი თქმით შესაბამისად, როდესაც ვირუსები შემცირდება და საზოგადოება გრიპის შემთხვევაში სასწრაფოს ნაცვლად მიმართავს ამბულატორიას, სასწრაფო შეძლებს ჩვეულ რიტმში 15-დან 20 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას.

 

ცნობისთვის, დღეს სასწრაფოს 80 ახალი მანქანა გადაეცა, თუმცა, როგორც ირკვევა, არც ეს ყოფილა „ხსნა“, ვინაიდან სარიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს პლუს 80 მანქანას. ავტოპარკში მანქანების რაოდენობა არ იცვლება, ვინაიდან ხდება განახლება და უბრალოდ, ძველი ახლით ჩანაცვლდება.

ავტორი: Prime Time

X