14:04 | 2020-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

რატომ მოსთხოვა ჭოგრიტი თბილისში მყოფმა “ჯიმიმ” მზარეულს – გაიხსენეთ ინდური კინოს ლეგენდა

რატომ მოსთხოვა ჭოგრიტი თბილისში მყოფმა “ჯიმიმ” მზარეულს – გაიხსენეთ ინდური კინოს ლეგენდა

ინდური კინოს ლეგენდა “ჯიმი” – მითჰუნ ჩაკრაბორტი დღეს 70 წლის გახდა. “დისკოს მოცეკვავეში” განსახიერებული როლით, “ჯიმი”, 80-იან წლებში, საქართველოში ისე ზე-პოპულარული იყო, რომ შვილებს მის სახელს არქმევდნენ და კედელზე გაკრულ მის ფოტოებს სოფლებში ან მეწაღეების ძველისძველ ჯიხურებში ახლაც ნახავთ.

 

ინდური კინო მის სახელთან ასოცირდება. როგორც ინდური კინოს სპეციალისტი, დავით ბეჟიტაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რაჯ კაპურსაც კი არ ჰქონია ჩვენთან ასეთი პოპულარობა.

 

 

დავით ბეჟიტაშვილი: – “დისკოს მოცეკვავეს” სიმღერები ხომ დღემდე იციან და პოპულარულია. ქალაქებში ხომ ანშლაგებით მიდიოდა სეანსები, მაგრამ სოფლების დარბაზებში საკუთარი სკამებით მიდიოდნენ მაყურებლები. მაგნიტოფონები მიჰქონდათ და სიმღერებს იწერდნენ.

 

ჩაკრაბორტი “დისკოს მოცეკვავის” შემდეგ ჩვენს ქვეყანაში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ეს ფილმი იმდენად შემოსავლიანი იყო, რომ გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, 1988 წელს საბჭოთა კავშირმა, ეკრანებზე, განმეორებით გამოუშვა. მას არანაკლები ტალღა მოჰყვა. “დისკოს მოცეკვავეს” მოჰყვა – “იცეკვე, იცეკვე”, “სამი მუშკეტერი”, “ვინ და როგორ”…

 

2013 წელს “სტუდია მეტროს” მოწვევით ინდური კინოს ლეგენდა თბილისს სტუმრობდა. მსახიობი, ამ ვიზიტზე, პროდიუსერის რანგში სტუმრობდა საქართველოს და ეს იყო, ერთგვარი, დაზვერვა ფილმის გადაღების წინ.

 

ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი გარდაიცვალა! - ნახეთ მისი უკანასკნელი სტუმრობა თბილისში
2020-04-29ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი გარდაიცვალა! - ნახეთ მისი უკანასკნელი სტუმრობა თბილისში

 

მეორე ჩამოსვლაზე (ოჯახით ჩამოვიდა) კი მან გადაიღო ფილმი “სიყვარულის მდინარეები”, რომელშიც მთავარ როლს მისი უფროსი ვაჟი, მიმოჰ ჩაკრაბორტი ასრულებს.

 

გადაღებები თბილისში, კახეთში, წავკისში მიმდინარეობდა. როგორც დავით ბეჟიტაშვილი ამბობს, ბოლივუდურ ფილმებში, პირველად, ჩვენი თავისუფლების ხიდი სწორედ ამ ფილმში გამოჩნდა.

 

დავით ბეჟიტაშვილი: – უამრავი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მახსოვს, ვიწვალე, რომ მაყურებელთან შესახვედრად ორი საათი ეპოვა. ფეხდაფეხ ვგეგმავდით დღის განრიგს.

 

ექსტრემალურად, ერთ-ერთ დარბაზში მის თაყვანისმცემლებთან შეხვედრა მოვაწყეთ. მითჰუნი ნახევარი საათით მოვიდა და იმდენად თბილი შეხვედრა შედგა, რომ მსახიობმა ორი საათი დაჰყო და წასვლა აღარ უნდოდა.

 

იუმორისტ დათო როსტომაშვილს “დისკოს მოცეკვავე” 120-ჯერ აქვს ნანახი და ჩაკრაბორტი მისი კუმირია. ამიტომ მას ოცნება ავუსრულე და გავაცანი მითჰუნი. ამ შეხვედრაზე დათომ მასთან ერთად იცეკვა კიდეც.

 

 

ერთი შეხედვით, მკაცრი და შეუვალი ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ტოვებს (რაც არც ერთ სხვა ინდოელ მსახიობს არ ეტყობა), მაგრამ მოულოდნელად ისე გაგეხუმრება, ამ წარმოდგენას დაანგრევს. შინაგანად თბილი და ღრმა ადამიანია.

 

ერთ ისტორიას გავიხსენებ. პირველ დღეს გადამღებ ჯგუფს რესტორნიდან მოუტანეს საკვები. ახადა დიდ ქვაბს თავი და კერძს დახედა. ქათმის კერძი იყო. აბა, დაურეკეთ რესტორნის მეპატრონესო, გვითხრა. მივაწოდეთ ყურმილი და ეუბნება, ხვალ რომ გამოგზავნით სადილს, თან ჭოგრიტიც მოაყოლეთო. რატომო ჰკითხა, ბუნებრივია, რესტორნის მეპატრონემ. ქვაბში რომ ჩავიხედავ, იქნებ დურბინდით დავინახო ქათმის ხორციო. ეტყობა, ქათმის ხორცი კერძში “გახალტურებული” იყო და ასე იხუმრა მითჰუნმა.

 

მოკლედ, დღეს 70 წლის გახდა. პანდემიის გამო, ისევე როგორც მთელი ინდოეთი, ოჯახთან ერთად ისიც კარანტინშია. საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ ის მაინც ახსოვთ და უყვართ. ვულოცავ და ჯანმრთელობას ვუსურვებ…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X