
მძიმე დღეები უდგას ჩვენ ქვეყანას. ერთმანეთის მიყოლებით ორი დიდი ადამიანი დავკარგეთ. 3 აპრილს, როდესაც ანზორ ერქომაიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებდა ერი, კლინიკაში გული გაუჩერდა გურამ დოჩანაშვილს. ერთი დიდი მამულიშვილი გამოვასვენეთ და მეორე ბუმბერაზი შევასვენეთ სამების დიდ საკათედრო ტაძარში.
მსგავსად განუზომელი ღვაწლის მქონე “დიდების” უკანასკნელ განსასვენებლად პანთეონი გვესახება, მოკვდავთ. თუმცა ყველასთვის საყვარელი “დოჩანას” სურვილი აცდა ჩვენსას.
მას არც პანთეონი ხიბლავდა და არც სხვა რამ სააქაო ფუფუნება. სამუდამო განსასვენებელი რომ მთაწმინდაზე არ სურდა (სადაც მისი კლასელები და მეგობრები არიან დაკრძალულნი – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჭაბუა ამირეჯიბი), საამისოდ რკინის არგუმენტი ჰქონდა: მწერალს 22 წლის ვაჟის გვერდით სურდა დასაფლავებულიყო! საბურთალოს საძმო სასაფლაოზე.
როგორ მოკრძალებულადაც იცხოვრა, ისევე წავიდა ამ წუთისოფლიდანაც…
მაშინ, როდესაც “გახურებული ვბჭობდით”, სხვაგან სად უნდა დაიკრძალოს გურამ დოჩანაშვილიო, მუხაწყაროში მწერლის მეუღლესთან ამ წინადადებით მისულ “დოჩანას” მეგობარს, მის მოძღვარს და ახლობელ მსახიობს, ნათელა სეფიაშვილმა მეუღლის გადაწყვეტილება დაახვედრა.
ედმონდ მინაშვილი: – ჩვენ ვუთხარით, მთელი ერი ითხოვს მის დაკრძალვას მთაწმინდაზე. ის მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მთელი საქართველოს კუთვნილებაა-მეთქი. მან გვიპასუხა, ბატონი გურამი თუ მთელ ქვეყანას ეკუთვნის, ამის სანაცვლოდ თავისი ქმნილებები დატოვა და წაიკითხონ, მისი საფლავი სად იქნება, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტიაო.
ბატონი გურამის სურვილი ყოფილა, რომ შვილის გვერდით დაკრძალულიყო. ეს გადაწყვეტილია, გურამი საბურთალოს სასაფლაოზე, თავის შვილთან მიდის და ამაზე ნუღარ დამელაპარაკებითო, გვითხრა ქალბატონმა ნათელამ. ირაკლი საფლავის შუაშია დაკრძალული. თავიდანვე ასე უთქვამს, ერთი მხრიდან მე დავსაფლავდები, მეორე მხრიდან ნათელა უნდა დაიკრძალოსო.























