00:41 | 2020-06-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“რატომ უნდა ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე?”- ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

“რატომ უნდა ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე?”- ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

„პრაიმტაიმის“ რესპონდენტი რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია.

 

ქეთა მოსკოვში დაახლოებით 15 წლის წინ წავიდა, „ასტუდიოს“ სოლისტი გახდა და დღეს, რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია.

 

– ქეთა, რა ხდება მოსკოვში, მოიხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვები?

 

– მოსკოვში თითქმის ყველაფერი გაიხსნა, რესტორნები, ფიტნეს-დარბაზები და ა.შ. კონცერტებს რაც შეეხება, უკვე შემოდის ზარები. რადგან დახურული საკონცერტო დარბაზებიც გაიხსნა, ე.ი. მალე კონცერტებიც დაიწყება, მაგრამ ახლა ზაფხულია და უფრო სექტემბერი-ოქტომბრისკენ არის დაგეგმილი ღონისძიებები.

 

ამბობენ, ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე იქნებაო, მაგრამ იმედი მაქვს ასე არ მოხდება და აღდგება ყველაფერი.

 

რადგან ახლა კონცერტები არ გვაქვს, ალბომზე ვმუშაობთ მე და ჩემი ჯგუფი. კომერციულად როცა მომგებიანი პერიოდი დადგება, ალბომი მაშინ გამოვა.

 

ქეთა თოფურია

 

– ცნობილია, რომ წარმატებულ ჯგუფებს და მომღერლებს, ერთი წლის პროგრამა წინასწარ აქვთ გაწერილი, ალბათ თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო და დიდი ფინანსური დანაკლისიც გექნებათ?

 

– ჩვენ, 4-5 თვე წინასწარ გვქონდა გაწერილი, ახლა კი არანაირი გეგმა არ გვაქვს სექტემბერი-ოქტომბრის გარდა და ჯერჯერობით, ეს კონცერტებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება ზარალს, ვინც რაღაც მოაკოწიწა და დააგროვა, ამ პერიოდში წყნარად ვზივართ, მაგრამ ველოდებით აღდგენას. იმედი მაქვს, ნელნელა ყველაფერი გადაივლის.

 

მე ყველაფერში პლიუსებს ვეძებ, ვცდილობ კარგი მხარე დავინახო. ძალიან გადაღლილი ვიყავი, 15 წელია არ დამისვენია, პანდემიის გამო კი,  ბავშვისთვის და ახლობლებისთვის ბევრი დრო მქონდა. ახლა მენატრება საქმე, მეგობრები და  ხალხი. მანამდე კი მობეზრებული მქონდა ეს ყველაფერი.

 

– სად დადიოდით შეზღუდვების დროს?

 

– გარეთ რომ გასულიყავი სპეციალური საშვი იყო საჭირო. ამიტომ არსად არ გავდიოდი, ჩემს თავზე არ მეშინოდა, ვფიქრობდი თუ დამემართება, ჯანმრთელი გოგო ვარ და გადავიტან-მეთქი, მაგრამ როდესაც გყავს შვილი და დედა, ეს სულ სხვა პასუხისმგებლობაა. ერთი, ორი თვე კარგი იყო სახლში და მერე უკვე აღარ მომწონდა.

 

– საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ?

 

– მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ნებისმიერ დროს შემიძლია მანქანას მოვახტე და წამოვიდე, მაგრამ 25 საათი ბავშვთან ერთად მგზავრობა ძნელია,. 1 ივლისიდან, კიდევ მოიხსნება შეზღუდვები  და იმედი მაქვს ჩამოვალთ, თუ არადა მაინც წამოვალთ საქართველოში.

 

– საქართველოს მოქალაქეობა არ დაგითმია ანუ…

 

– არც ყოფილა ამაზე საუბარი. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. რატომ უნდა ვთქვა უარი საქართველოს მოქალეობაზე? ძალიან მიყვარს, ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება, იმიტომ რომ ჩემი სამშობლოა.

 

ქეთა თოფურია და რუსული ესტრადის ვარსკვლავები

 

მე რუსეთში უფრო დაფასებული ვარ, მეტს გამოვიმუშავებ და იმიტომ ვცხოვრობ აქ.

 

ყველა ადამიანს უნდა წინ წავიდეს, მე ჩემს ქვეყანაში სამწუხაროდ ამის საშუალება არ მომეცა, თორემ სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქართველოში.

 

ხშირად ჩამოვდივარ თბილისში.

 

– რამდენიმე წლის წინ, 9 მაისისადმი გამართულ კონცერტზე თქვენს გამოსვლას, საქართველოში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ეს ხელოვნური სკანდალი თქვენმა მეგობარმა მოაწყო, რა მოხდა გვიამბეთ?

 

– ეს იყო ათი წლის წინ, მაშინ, მე კარგი ურთიერთობა მქონდა საქართველოს მთავრობასთან, ერთ-ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა, რომელიც ასევე, დაახლოებული პირი იყო მთავრობასთან, როგორც ჩანს ცოტა წაიეჭვიანა და იფიქრა, მოდი ეს გოგო გავაფუჭოთ და საქართველოს მტავრობა ნაწყენი იყოს ქეთა თოფურიაზეო და ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი.

 

მას შემდეგ წლები გავიდა, ჩვენ შევხვდით, შევრიგდით, თუმცა როგორც გაშუქდა საწყენი იყო ჩემთვის. უნდოდათ აგრესია ყოფილიყო ხალხში და ასეც მოხდა.

 

– თქვენი ქალიშვილის ოლივიას შესახებ გვიამბეთ, როგორი გოგონაა?

 

– ოლივია არის თავის ასაკთან შედარებით, ძალიან განვითარებული ბავშვი. დიდი მათემატიკური ნიჭი აქვს, ეტყობა ბებიამისისკენ წავიდა, იმიტომ რომ მე მათემატიკაში 0 ვარ.

 

არტისტული და სასაცილოა. 5 წლის ბავშვს სასწაული იუმორი აქვს, ასეთი „ტონკი“ იუმორი მე არასოდეს მქონია, მითუმეტეს ხუთი წლის ასაკში. თუმცა ახლა სულ სხვანაირი ბავშვები მოდიან.

 

– უყვარს საქართველო?

 

– ოლივია გიჟდება საქართველოზე, ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს საქართველოში, ყველას მისი ასაკის შვილები ყავს, როცა ჩამოვდივართ ჩვენთან ამოდიან და ოლივიას ეს მოსწონს. დამოუკიდებელი ბავშვია, არავიზე არ არის მიჯაჭვული, არც ჩემზე, არც ბებიაზე, არც ძიძაზე.

 

ქეთა თოფურია დედასთან და ქალიშვილთან ერთად

 

– იცნობთ რუსეთის პრეზიდენტს?

 

– არასდროს მინახავს პუტინი. ყოფილა სამთავრობო, სადაც დიდი კონცერტები ტარდება, მაგრამ პირადად არასდროს შევხვედრივარ.

 

– ქეთა, პანდემიის პერიოდში, „ა სტუდიო“ საკუთარი იუთუბის არხზე ანთავსებს, ძველ ჩანაწერებს, სანამ შენ გახდებოდი მათი სოლისტი, თუმცა ამ კლიპებს უფრო ცოტა მნახველი ჰყავს, ვიდრე შენთან ერთად ჩაწერილ სიმღერებს, რთული იყო ამ წარმატების მიღწევა?

 

– თბილისში „ა სტუდიო“  როცა ჩამოდიოდა , მაშინ მათი სოლისტი პალინა იყო, მე ყოველთვის დავდიოდი  კონცერტებზე და მეგონა რუსეთშიც პოპულარული ჯგუფი იყო. თუმცა, როცა ჩამოვედი, სულ სხვა ვითარება დამხვდა.

 

აღმოჩნდა, რომ როდესაც ბატირი იყო მათი სოლისტი, მაშინ ჰქონდა ამ ჯგუფს პოპულარობა და პალინას დროს არა. ამიტომ როცა რუსეთში ჩამოვედი, ცოტა შოკში ჩავვარდი, არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ. უფრო ძველი, ლეგენდარული ჯგუფის სახელი ჰქონდა, რადგან ბატირი ახსოვდათ.

 

საბედნიეროდ გაგვიმართლა, პირველი სიმღერა Улетаю უცებ გაჰიტდა, ჯგუფს პოპულარობა დაუბრუნდა და წინ წავედით.  თავიდან იყო შემთხვევები, როდესაც დღეში სამჯერ გვიწევდა გადაფრენა სხვადასხვა კონცერტზე, საერთოდ არ მეძინა, ბევრს ვმუშაობდით და ადრე, რასაც სამ კონცერტში გვიხდიდნენ, იმ თანხას ახლა ერთ კონცერტში ვიღებთ.

მეუბნებიან, მეტი შოუები დადგითო, მაგრამ აღარ მინდა და არც არის უკვე საჭირო. თავიდან რა გრაფიკშიც მიწევდა მუშაობდა, აღარ მინდა.

 

– დედა – ნატა თოფურია რას საქმიანობს რუსეთში?

 

– ნატა დიდი ხანია დიასახლისია. მე მეხმარება ოლივიას აღზრდაში, ხან თბილისშია ხან აქ. ჩვენს გარეშე არ შეუძლია და ამიტომ უფრო მოსკოვისკენ არის, რომ არა ჩვენ, ალბათ მაქეთ იქნებოდა.

 

 

ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი

 

– ბოლოს გკითხავთ პირად ცხოვრებაზე, ვინ არის და სად გაიცანით თქვენი რჩეული ლევ ძენგოვი?

 

– ის არის ბიზნესმენი, პოლიტიკასთანაც აქვს ცოტა შეხება. მის დაბადების დღეზე ვმღეროდით, ჩემი ჯგუფის წევრები იცნობდნენ, ჩვენი პროდუსერის მეგობარია. მანამდე ნანახი არ მყავდა, რომ დავინახე ძალიან მომეწონა, მეთქი ვინ არის ის ახალგაზრდა?

 

იმის მერე აღარ გაგვიწყვეტია კონტაქტი, ძალიან კარგი ბიჭია. დღესდღეობით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი წელია რაც ერთად ვართ და დრო მოიტანს დანარჩენს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X