
ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. მისი ძმა, ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საფლავზე გასვლას ვერ შეძლებს, რადგან რამდენიმე თვის წინ გიორგის გვერდით მამა დაკრძალეს და მისთვის იქ მისვლა ემოციურად რთულია.
„კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა.
სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ“, – ვკითხულობთ ვახო სანაიას ფეისბუკ-პოსტში.
ცნობისთვის, 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა.























