20:52 | 2021-06-22 ავტორი: Prime Time

რაც უნდა ძლიერი იყო დღეს, ყოველთვის არსებობს გზა, უკეთესი იყო ხვალ – ქართველი გენიოსი, რომელსაც კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ

რაც უნდა ძლიერი იყო დღეს, ყოველთვის არსებობს გზა, უკეთესი იყო ხვალ – ქართველი გენიოსი, რომელსაც კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ

მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა.

 

ირლანდიაში კრივის საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით ყოველ წელს აოცებს მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს.

 

მის ანგარიშზე 200-ზე მეტი მედალია, მრავალჯერ აფრიალებული გამარჯვების დროშა და აპლოდისმენტები, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით, ადამიანობით, დაუღალავი შრომითა და განვითარებისკენ სწრაფვით.

როგორც თავად ამბობს: „კრივში გულიანი უნდა იყო. თუ ერთხელ გული აიცრუე, მაშინ სჯობს, თავი დაანებო“

 

,,… ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის მეორე მამასავითაა, რომელმაც სპორტშიც და ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა“ – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 5 გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონი ქეით ტეილორი ერთ–ერთ ინტერვიუში.

სწორედ ქეით ტეილორია პირველი ქალი, რომელიც ზაურ ანთიამ ირლანდიას ოლიმპირ ჩემპიონად აჩუქა.

 

 

,,… ,ის არის ირლანდიური კრივის სერ ალექს ფერგიუსონი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მან ბევრი რამ შეცვალა ირლანდიურ კრივის სასიკეთოდ” დაწერა ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ტიტულოვანმა ირლანდიელმა მოკრივემ კარლ ფრამპტონმა.

 

 

 ქართული ფესვებიდან გზა ვიწრო ბილიკებით მსოფლიოს დიდ არენაზე

 

 

მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული თავმდაბალი გენიოსი წარმოშობით ფოთიდან არის. ირლანდიაში ზაურ ანთია 2003 წელს გადავიდა. იქამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. ის გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქე.

 

საკრივო ტრადიციებით და წარმატებებით ცნობილ ირლანდიას 2003 წლის შემდეგ სწორედ ზაურ ანთია ხელმძღვანელობს. დღესდღეობით ბატონი ზაური კურირებს როგორც ვაჟათა, ისე ქალთა, როგორც პირველ, ისე ყველა ასაკობრივ ნაკრებს.

 

 

როგორ და რა გზა გაიარა ვიწრო ბილიკებიდან ფართო არენამდე, რომელიც ხშირად ეკლიანიც იყო, ამაზე თავად მოუყვება „პრაიმსპორტისა“ და „პრაიმტაიმის“ მკითხველს.

 

 

ზაურ ანთია: „ირლანდიაში 2003 წელს ჩავედი. საქართველოში ცხოვრებისას შევიტყვე რომ ირლანდიაში კონკურსი იყო გამოცხადებული და ჩემი CV გავაგზავნე. ამის შემდეგ იყო 3-ეტაპიანი გასაუბრება, რომელშიც მონაწილეობას ჩემი ჩათვლით 17 კანდიდატი იღებდა. იმის გამო, სულ ბოლოს ჩავფრინდი, მე-17-ე ვიყავი. უნდა შერჩეულიყო ერთი მწვრთნელი. პირველი ეტაპი გასაუბრება იყო, მეორე – გუნდის მომზადების გეგმის შედგენა და მესამე ეტაპი ამ გეგმის განხორციელება. სამივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და ამგვარად მოვხვდი ირლანდიის ნაკრებში…

 

 

 რთული პერიოდი

 

 

–  რთული პერიოდი იყო უშუქობა, საქართველოს განსაკუთრებით უჭირდა, სპორტსმენები ვეღარ გადიოდნენ საზღვარგარეთ. მე არ გვჩერებულვარ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ ტალანტებისთვის ხელი შემეწყო. ვარჯიშის გარდა მკურნალობა, ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ყველა პრობლემის მოგვარებას ჩემი ნაცნობების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობდი. მეგობრები, ფიზიოთერაპევტები მყავდნენ.

 

ფოთში, საიდანაც ვარ წარმოშობით, რესტორნებში დავდიოდი და გაჭირვების პერიოდში იქ მივამაგრე სპორტსმენები, რომელთაც მეტი პროტეინი სჭირდებოდათ. ეს მათი მხრიდან ძალიან დიდი დახმარება და ხელშეწყობა იყო, დღესაც დიდი მადლობელი ვარ მათი. ეს პერიოდი ასე გავიარეთ.

 

მერე ქვეყანა ცოტა დალაგდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ევროპის მედალოსნები მყავდა საქართველოში დაზრდილი. ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდებაც მომანიჭეს…“

 

 

 

ვერ დავითანხმე ბატონი ზაური, უფრო დეტალურად მოეყოლა იმ მძიმე პერიოდზე და ბევრ სხვა კეთილ საქმეებზე, რომელზეც დღესაც ლეგენდები დადის ფოთსა და სხვა ქალაქებში. მისი სიკეთეების შესახებ საუბრობენ ყველგან, სადაც ერთხელ მაინც მოუსმენიათ მისი ყოფილი მოსწავლეებისგან. (მე არ მაქვს უფლება პატივი არ ვცე მის სურვილს, ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ)

 

 

 „ირლანდიური კრივის ალექს ფერგიუსონი“ – პირველი წარმატება უცხო მიწაზე

 

 

ირლანდიაში 2003 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩამოვედი. კრივი ძალიან დაბალ დონეზე იყო დასული. აქედან პირველი შედეგი 6 თვეში იყო, ევროპის ფინალისტი გვყავდა, მსოფლიოს პრიზიორი ჭაბუკებს შორის, ევროპის მედალიც ავიღე. მეორე ოლიმპიადა რომ ჩატარდა ჩინეთში, იქ სამი მედალი ავიღეთ.

დღესდღეობით, 7 ოლიმპელი მყავს. დღეს ლიცენზირებული სპორტსმენების რაოდენობით ირლანდია მესამე ადგილზეა. საქართველოს მსგავსად, ირლანდია პატარაა ქვეყანაა, თუმცა, ლიცენზირებულთა რაოდენობით დიდია. ჩემი აქ მუშაობის პერიოდში 20 ოლიმპიელი მოვამზადეთ. აქედან 7 ოლიპმიური მედალი გვაქვს აღებული. 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი. უკვე 18 წელია აქ, ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ მთავარ მწვრეთნელად.

 

 

– მოგვიყევით პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ ქალზე, რომელიც თქვენ აჩუქეთ ირლანდიას…

 

 

–  ქეით ტეილორი, ძალიან ძლიერი სპორტსმენია. 5-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი იყო, 6-ჯერ ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლონდონის ოლიმპიადაზე.

 

დღეს იტალიის პროფესიონალი მოკრივეა, რომელიც ლეგენდაა. რასაც მან მიაღწია ქალთა შორის, ჯერ არავის მიუღწევია ამ სპორტში. მას თავისი სპორტული მიღწევებით, ცხოვრების წესით ძალიან აფასებენ. ასევე პიროვნულად კარგი ადამიანია, ყველას უყვარს.

 

ქალთა შორის ქეითია ყველაზე წარმატებული. მისი წასვლის შემდეგ, ერთი კიდევ მყავს გოგო, ჰარიქტონი – 2 წლის წინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ახლა კი ევროპის. ლიცენზირებული 7-დან 3 ქალია, 4 – მამაკაცი.

 

 

 

მამაკაცებს შორის რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონი გვყავს მომზადებული. ევროპის ჩემპიონი 15-ზე მეტი, ახალგაზრდული, 200-მდე საერთაშორისო მედალი გვაქვს.

 

მე ვიცი მე რა შემიძლია და როგორ ვმუშაობ. მე სხვანაირი ლიდერი ვარ, არ მიყვარს საუბარი „მე-თი“ ვლაპარაკობ „ჩვენ“. ყველა მეუბნება რომ “შენ“, ვპასუხობ, რომ “ჩვენ“.

 

 

ჩემი გამოზრდილი სპორტსმენებიდან, ვინც შემადარა ფერგიუსონს, ეს იყო ირლანდიურ ნაკრებში, 5 წლის განმავლობაში ვავარჯიშებდი, შემდეგ გადავიდა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. კარგი ხალხია. რომ მიდიან შემდეგ არ ვავიწყდები, ინტერვიუებში ყოველთვის მიხსენებენ, ეს მსიამოვნებს. ნათქვამია, ადამიანებს ცოტა ეწყინება, ცოტა გაუხარდებაო.

 

 

 

 დიდი სამზადისი ოლიმპიადისთვის

 

 

 

ზაურ ანთია: „ამჟამად, ვემზადებით ოლიმპიადისთვის, 7 ოლიმპიელი გვყავს მზად და წასასვლელად ვემზადებით, პარალელურად იტალიაში 22-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინაროებს, რომელიც ჩვენი მომზადებულია, იქ ჩემი 2 ასისტენტი მწვრთნელი ახლავს გუნდს, 3 ნახევარფინალშია გასული.

 

 

 

იტალიაში 22 ასაკამდე მოკრივეები არიან. ერთი – 57 კგ-ში, მეორე 63-ში და მესამე 91-კგ-ში. ნახევარ ფინალში არიან, სულ მცირე, ბრინჯაოს მედალი უკვე აქვთ. ამავდროოულად, ოლიმპიური ნაკრების მზადება მიმდინარეობს. ახლა ოლიმპიური ბაზიდან გესაუბრებით, ნაკრეების მომზადება მიდის. 30 ივნისს ტოკიოში მივფრინავთ, სამი კვირით ადრე, სანამ ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ეს ჩემი მეოთხე ოლიმპიადაა“.

 

 

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ სპორტით არიან დაკავებულები?

 

 

 

ყველაფერი სპორტია ხომ იცით. მთავარია მონდომება და სიყვარული საქმისადმი. რაც გიყვარს იმ საქმეს უნდა მისდიოს ადამიანმა და ასეთ დროს ყოველთვის უნდა იბრძოლო. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ რამდენჯერაც წააგებ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თავი დაანებო . ვერც მოიგებ თუ არ წააგე.

 

 

 

– ირლანდიულ კრივს, ალბათ, თავისებური ხასიათი სჭირდება.

 

 

–  ირლანდიელების ხასიათი ძალიან ჰგავს ქართულ ხასიათს, ვაჟკაცები არიან და მებრძოლი ხალხია. ისტორიიდან გამომდინარე, ამაყი ხალხია. 20-30 წლის უკან იგივე სიტუაცია იყო, რაც დღეს საქართველოშია.

 

 

 

 „მარტოობის 2 წელი“ ოჯახის გარეშე და საქმის სიყვარულით მიღწეული მიზანი

 

 

 

ზაურ ანთია: „ირლანდიაში მარტო ჩამოვედი 2003 წელს. ენაც არ ვიცოდი. ადვილი არ ყოფილა ეს ყველაფერი, მაგრამ მიზანია მთავარი. რაც უნდა ძლიერი იყო დღეს, ყოველთვის არსებობს გზა, უკეთესი იყო ხვალ.

 

ძალიან ბევრი ადამიანია წასული უცხოეთში, რომლებიც არ მუშაობენ საკუთარი პროფესიით. როცა შენი საქმით ხარ დაკავებული, ეს სულ სხვაა. როდესაც ეს გაგაჩნია, ეს სიძლიერე გკვებავს. ყოველთვის უნდა გქონდეს შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მე სულ ასე ვიყავი. წარმატებული აღმოჩნდა ჩემი მუშაობა, ამან გამოიწვია ყველაფრის გადალახვის უნარი და შემმატა ძალა.

 

 

 

2005 წელს ჩამოვიყვანე ოჯახი. ახლა ყველა ერთად ვართ. ქალიშვილი მყავს, რომელიც მუშაობს სადაზღვეო კომპანიის უფროს მენეჯერად.

 

ჩემი უმცროსი ბიჭი გიორგი არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის საიტ-მენეჯერი ძალიან კარგ პოზიციაზე. უფროსი ბიჭი დავითი დიდი ხანი არ არის რაც დაინიშნა პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC -International Chamber of Commerce) სათავო ოფისში რეფორმების დირექტორად. დავითი 2006 წელს გახდა ირლანდიის ჩემპიონი კრივში. ირლანდიაში ჩამოსვლიდან 9 თვეში. ჰქონდა მას ტალანტი, მაგრამ შემდეგ გააგრძელა სწავლა, ძალიან ძლიერი იყო სკოლაში. წელს ამთავრებს კემბრიჯში მაგისტრატურას.

 

 

 

მეუღლე წარმატებულად უძღვება თავის საქმეს. მეუღლემ აქ ჩამოსვლის შემდეგ ძალიან დიდი შრომა გასწია. კარგი დედაა და შეუპოვარი ხასიათის ადამიანი. გვყავს პატარა შვილიშვილები“.

 

 

 

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში?

 

 

–  ყველაფერი ქართული მენატრება. ჩემი კუთხე, ჩემი მხარე. რამდენჯერაც მოვდივარ, არასდროს არ არის საკმარისი. ყველაზე მეტად იმ მომენტის გადალახვა მიჭირს, სანამ საქართველოს ტერიტორიას ვტოვებ. ეს დრო და მანძილი რთულია ყოველთვის.

 

 

 

– როგორი და სად წარმოგიდგენიათ ასაკში საკუთარი თავი?

 

 

–  ოპლიმპიადის შემდეგ მე შემოთავაზება მომივიდა ამერიკიდან. ამერიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობდით, მისი წასვლის შემდეგ მე გავხდი მთავარი მწვრთნელი. ასევე მაქვს შემოთავაზებები საფრანგეთიდან და ინგლისიდან. არ ვიცი, ვნახოთ.

 

 

– მოვლენა, რომელმაც შეგცვალათ…

 

 

–  ადამიანის ბუნება ზოგადად არ იცვლება, მაგრამ შეიძლება ისეთი მოვლენა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, რაც მეტ გამოცდილებას შეგძენს და სხვა გზით წაგიყვანს.

 

დაბოლოს…

 

 

ზაურ ანთია: „მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა ბიჭებზე საქართველოში. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები. მე თავად მწვრთნელი ვიყავი და ვიცი რა შრომაა და რა მიდგომებია საჭირო. თუ სულს და გულს არ ჩადებ შიგნით, იქ არაფერი გამოვა საერთოდ.

 

ჩემი მუშაობა და შრომა ნაკრებში იმ დროს დაემთხვა, როცა წამყვანი სპორტსმენები იყვნენ: გიორგი კანდელაკი, რამაზ ფალიანი, ზურაბ სარსანია, კობა გოგოლაძე, პაატა გვასალია და ლაშა გეგენავა. ისინი იზრდებოდნენ როგორც დიდი სპორტსმენები, მე კი როგორც მწვრთნელი. მათ უამრავ წარმატებას მიაღწიეს. ოქროს ხანაში ჩვენ ერთად გვაქვს დრო გატარებული. მინდა ყველას ვუსურვო საქართველოში, რომ მათ დონემდე ყველა მისულიყოს თავის დროზე“,- ასეთი სიტყვებით დაასრულა ჩვენთან საუბარი ზაურ ანთიამ.

 

 

ავტორისგან: ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა: დე, ფეხბურთში იცი როგორაა? – გუნდის სახელი მკერდზე გაწერია, შენი კი ზურგზე, ამიტომ გუნდს უნდა გაუფრთხილდე, დააფასო და ყველაფერი უნდა გააკეთო, გუნდი ძლიერი გყავდესო…

 

ახლა ვფიქრობ, ვახერხებთ კი ჩვენ, ქართველები, ჩვენი მთავარი სახელის, ჩვენი ქართველობის დაფასებას? ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და თავაწეულებმა ვთქვათ, რომ ჩვენია ეს თავმდაბალი გენიოსი, რომელიც სპორტულ ისტორიას ოქროს ასოებით წერს და მსოფლიო ტაშს უკრავს.

 

მჯერა, საუკეთესოთა შორის, აპლოდისმენტების ფონზე ხშირად გავიგონებთ ქართული გვარის დიდ წარმატებას…

პირადად მე შევპირდი, რომ ტოკიოს ოლიმპიადის დასასრულს, აუცილებლად გავუგზავნი მილოცვის გზავნილს…

 

 

                                                                                                                                                                                                                                   ავტორი: ნანიკო ჩხაიძე

ავტორი: Prime Time

X