12:48 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

რეალურ მოვლენებზე გადაღებული საშინელებათა ფილმები

რეალურ მოვლენებზე გადაღებული საშინელებათა ფილმები

საშინელებათა ფილმები მართლა საშიშია, ოღონდ არა მხოლოდ ემოციის დონეზე. ის შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზიც გახდეს.

 

შედეგი შეიძლება დადგეს როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების, ასევე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესების სახით.

 

ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ კოლეჯის სტუდენტებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც აწუხებდათ უძილობა და შიშები უსაფრთხო მოვლენების მიმართ, ხშირად, 14 წლამდე უყურებდნენ საშიშ ფილმებსა თუ სერიალებს.

 

წიგნში „Teddy’s TV Troubles“, სადაც განხილულია თუ როგორ მოქმედებს მედია ბავშვების ფსიქიკაზე, ავტორი ფსიქოლოგი ჯოან კანტორი ამბობს: „5-დან 7 წლამდე ასაკში ნახვა დაჯერების ტოლფასია.

 

მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რას უყურებენ და რას განიცდიან შემდგომ მათი შვილები. საშიში ფილმის ყურების აკრძალვა ბევრად მარტივია, ვიდრე მისგან გამოწვეული შედეგების გამოსწორება”.

 

ეს არის ჟანრი, რომლის მიზანიც მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევაა. “ძალადობის სცენებით აღსავსე ფილმების ნახვას პოტენციურად შეუძლია, ორგანიზმის თვითგანადგურების პროგრამა ჩართოს”, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსები.

 

ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს - დოდო აბაშიძის უკანასკნელი როლი
2020-02-24ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს - დოდო აბაშიძის უკანასკნელი როლი

 

ექსპერიმენტის მეშვეობით დადგინდა, რომ საშინელებათა ფილმების ნახვა ზრდის ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთაც შეუძლიათ ჯანსაღ უჯრედებზე შეტევის მიტანა და მათი განადგურება.

 

ბიოქიმიკოსები ვარაუდობენ, რომ შინაგან დაძაბულობას, რომელსაც ასეთი ფილმები იწვევენ, ორგანიზმი საფრთხის მომასწავებელ სიგნალად აღიქვამს.

 

თუმცა, რადგან ადამიანი, თვითგადარჩენის ინსტინქტის შესაბამისად, ამ ნიშანზე რეაგირებას არ ცდილობს, ორგანიზმი თავად ეძებს სტრესის მიზეზს და ვირუსების ნაცვლად ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებს.

 

ადამიანების ნაწილი ჰორორში ნანახი ადგილისა თუ გარემოს დანახვაზე ისეთივე შიშს და შფოთვას განიცდის, რაც ფილმის ყურებისას განიცადა.

 

ექსპერტების აზრით, ნეგატიური ემოციები, პოზიტიურისგან განსხვავებით, აკუმულირდება და ინახება თავის ტვინის ნუშისებრ ჯირკვალში. მათი სწრაფად “გაბნევის” შანსი ძალიან მცირეა და მათი ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება.

 

 

ადრენალინის განგრძობადი ეფექტი

 

 

ჰორორი ფილმების მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის მიზეზების დადგენას პროფილური თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად ცდილობენ.

 

და, მაინც რა იწვევს ჰორორების მიმართ ინტერესის, დამოკიდებულების ან მიუღებლობის გრძნობას?
ამ კითხვაზე ყველაზე ხშირი პასუხებია: უყურებენ, რადგან თურმე შიშის შედეგად წარმოქმნილი ადრენალინი მათში სასიამოვნო ეიფორიას იწვევს; ზოგს უბრალოდ მოულოდნელობა, ეფექტები და ვიზუალური სიახლე იზიდავს ან ემოციის საკუთარი ლიმიტის გამოცდა სურს უსაფრთხო გარემოში; ზოგი კი ნებისმიერ საშინელებას უყურებს, რაც მის საკუთარ პრობლემებს დროებით მაინც გადაფარავს…
ადამიანები ჰორორების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ბევრად ბუნდოვნად საუბრობენ, ვიდრე ფსიქოლოგები. მათ მეტი საშუალება აქვთ არაერთ პაციენტთან საუბრის ანალიზიდან მიიღონ პასუხები. ფსიქოლოგთა დასკვნებია:

 

 

• შიში, შოკი და დაძაბულობა მძაფრი ემოციების გამომწვევი მდგომარეობაა. შესაბამისად, ჰორორის ყურებისას, ადამიანის სისხლში ადრენალინის დონე იმატებს;

 

• აღელვება, რომელიც ჰორორ ფილმების ნახვის შემდეგ არ გვტოვებს, გადამდები და დროში განგრძობადია;

 

• ფილმის დამთავრების შემდეგაც ნებისმიერი ემოცია, მათ შორის, ისეთი პოზიტიურიც, როგორიცაა, მეგობრებთან გართობა, გაძლიერებულია;

 

• ფსიქოლოგიურ კვლევებში მონაწილე ადამიანების 10 % ადრენალინის მკვეთრი აწევისგან დიდ სიამოვნებას იღებს და სურს მძაფრი შეგრძნებები;

 

• საშინელებათა ფილმებით, შესაძლოა ფობიის როგორც შეძენა, ასევე დაძლევაც…

 

სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება ჰორორის როგორც სიყვარული, ასევე სიძულვილი. “ადრენალინის მოყვარულებისგან” განსხვავებით, ბევრი ვერ იტანს არასასურველ ემოციურ სტიმულს ნაცნობ გარემოში. ზემგრძნობიარე ადამიანები ასეთ დროს, შესაძლოა, ფიზიკურად ცუდადაც კი გახდნენ.

 

 

ჰორორები რეალურ ამბებზე

 

 

საშინელებათა ფილმების დიდი ნაწილი გამოგონილი სიუჟეტებითა და პერსონაჟებით ხასიათდება, თუმცა, თანამედროვე ჰორორებში ბევრია რეალურ მოვლენებზე გადაღებული ფილმები.

 

ასეთი ფილმები უფრო დამაჯერებელიც არის და, შესაბამისად, უფრო მძაფრ ემოციას უტოვებს მაყურებელს.

 

ამ ფილმებით მიღებული შიში დიდხანს ნარჩუნდება და შესაძლოა, ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზეც მოახდინოს ზეგავლენა.

 

მაგალითად, ბევრი მშობელი, რომელსაც დაქირავებული ძიძა ჰყავს, არ უყურებს ჰორორს ძიძაზე. ან თუ ნანახი აქვს ასეთი ფილმი, ისტერიულად ამოწმებს ძიძის საქმიანობის ყველა დეტალს.

 

მეცნიერი და ფსიქოლოგი გლენ სპარკსი კი წერს, რომ „ფილმ „ყბების“ გამოსვლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა თქვა უარი ოკეანეში ცურვაზე და აუზებსა და ტბებსაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ“.

 

სტატიაში გთავაზობთ რეალურ მოვლენებზე გადაღებული 8 ფილმის შესახებ ძირითად ინფორმაციას და ჰორორების მოყვარულებს ვურჩევთ მათ ნახვას.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფილმები არც ისე ახალია, მაგრამ მათი პოპულარობა, სიუჟეტის ინფორმაციულობა და მხატვრული ღირებულება ამ ჟანრის ფილმებს შორის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. აი, ისინიც:

 

 

ღია ზღვა/Open Water

 

 

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სიუზანი და დენიელი ბაჰამის კუნძულებზე რომანტიულად დასვენების მოლოდინით მიემგზავრებიან.

 

 

ისინი წყალში ყვინთვის მოყვარულებთან ერთად, კატერით გავლენ ოკეანეში, სადაც ტურისტებს ყველაზე ლამაზი ადგილების ჩვენებას პირდებიან. გაუთვალისწინებელი შემთხვევის წყალობით, ეს ჩაყვინთვა მათთვის კოშმარით სრულდება.

 

ცოლ-ქმარი ჯგუფის წევრებს დაავიწყდებათ და როდესაც მთავარი გმირები წყლიდან ამოყვინთავენ აღმოაჩენენ, რომ კატერმა ისინი ღია ზღვაში სანამპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით დატოვა.

 

წყვილი ცდილობს გადარჩეს ღია ოკეანეში. ისინი გადარჩებიან ფსიქოლოგიური რღვევის ყველა ეტაპზე, თუმცა, დანიელი ზვიგენების ლუკმა ხდება. სიუზანი კი სრულიად სასოწარკვეთილი, ნებაყოფლობით იხსნის თავის მაშველ ჟილეტს და იღუპება.

 

ტურის ორგანიზატორები მეორე დღეს ამჩნევენ წყვილის დაკარგვას და იწყებენ ძებნას – თუმცა, უშედეგოდ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მეთევზეები ზვიგენს იჭერენ, რომლის მუცელში მეუღლეების ფოტო-კამერას აღმოაჩენენ.

 

მოლი ჰართლის ეგზორციზმი /The Exorcism of Molly Hartley

 

მოლი ჰარტლიმ (სარა ლინდ), რომელშიც დემონმა ბავშვობაში შეაღწია საშუალო სკოლა დაამთავრა.
ის ფიქრობდა, რომ, მრავალი წლის წინ მომხდარი მოვლენები მხოლოდ ბავშვის წარმოსახვა და ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა, ხდება სასტიკი მკვლელობა, რომელშიც გოგონა აღმოჩნდება მთავარი ეჭვმიტანილი.

ის დარწმუნებულია, რომ დანაშაული სისხლისმსმელმა არსებამ ჩაიდინა, რომელიც მის ცნობიერებას დაუბრუნდა.

 

მოლი იგზავნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელშიც უცნაური მოვლენები იწყება. საშინელ აგონიაში რამდენიმე ადამიანი იღუპება, ხოლო პაციენტები და სამედიცინო პერსონალი პანიკაში არიან. პაციენტის საქმით ინტერესდება ყოფილი მღვდელი ჯონ ბაროუ, რომელსაც ადრე წოდება ეგზორციზმისადმი ინტერესის გამო ჩამოერთვა.

 

ბაროუ აღმოაჩენს, რომ გოგონა ნამდვილად შეპყრობილია და მას ეშმაკის განდევნის რიტუალს სთავაზობს. შეშინებული და საკუთარი მდგომარეობით დაღლილი მოლი მაშინვე თანხმდება.

 

 

წყევლა/ The Conjuring

 

 

საშინელებათა ფილმი მოგვითხრობს პარანორმალური მოვლენების მკვლევარებზე – ედ და ლორეინ უორენებზე. ისინი ცდილობენ დაეხმარონ ოჯახს, რომელსაც ბნელი ძალა ატერორებს.

 

ფილმი დაფუძნებულია პერონის ოჯახის რეალურ ამბებზე, რომლებიც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ძალიან გახმაურებული და პოპულარული იყო.

 

პერონები ამბობდნენ, რომ როდ-აილენდის ერთ-ერთ სახლში, სულებთან ერთად ცხოვრობდნენ.
ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 2013 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული.

 

ეს მის შემოსავალზეც აისახა და საბოლოოდ $319 მილიონი დააგროვა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის ეკრანებზე 2016 წელს გამოჩნდა და მისი შემოსავალი $320 მილიონი იყო.

 

 

ყბები/Jaws

 

 

 

ცნობილი ამერიკელი მწერლის, სცენარისტისა და ზვიგენების დამცველის, პიტერ ბენჩლის გახმაურებული რომანი „ყბები“ 1974 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება.

 

 

 

მალევე წიგნის მიხედვით კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც თრილერის ჟანრის კლასიკად იქცა და არნახული მოგება მოუტანა შემქმნელებს.

 

სად და როგორ ცხოვრობს დღეს „მამლუქის“ მთავარი გმირი ხვიჩა
2021-09-19სად და როგორ ცხოვრობს დღეს „მამლუქის“ მთავარი გმირი ხვიჩა

 

რომანი, რომელშიც მთელი სიმძაფრითაა ასახული ადამიანის შეუპოვარი ბრძოლა ზღვის ურჩხულთან, გულგრილს არ დატოვებს ჰორორის მოყვარულებს და არა მარტო მათ.

 

ფილმის სიუჟეტი ხდება საკურორტო კუნძულ ემიტიზე. ადგილობრივი პოლიციის უფროსი მარტინ ბროუდი და მისი თანაშემწე, სანაპიროზე გოგონას ცხედარს პოულობენ.

 

ის დიდი თეთრი ზვიგენის პირველი მსხვერპლია. დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. გაუმაძღარ უზარმაზარ თეთრ ზვიგენს პოლიციის უფროსი, ოკეანოლოგი და ზვიგენებზე მონადირე ეძებენ მოსაკლავად.

 

 

საშინელება თელების ქუჩაზე/A Nightmare On Elm Street

 

 

2010 წელს გადაღებული ფილმი „საშინელება თელების ქუჩაზე“, ფრედი კრიუგერზე საკულტო საშინელებათა ფილმის „რემეიქია“.

 

პირველი ფილმი ამავე სახელწოდებით 1984 წელს გამოვიდა, რომლის რეჟისორი უეს კრეივენია.
ფრედი კრიუგერი სერიული მკვლელია, რომელსაც გამწარებული მშობლები ცოცხლად წვავენ. თუმცა, ფრედი დაბრუნდება, რომ ახლა თინეიჯერების სიზმრებზე ინადიროს.

 

ის ბავშვებს სიზმრებში კლავს და ვინც სიზმარში მოკვდა – რეალურადაც იღუპება.

 

როდესაც ქალაქში რამდენიმე თინეიჯერი უკვალოდ გაქრება, ნენსი და მისი შეყვარებული გლენი გეგმას შეიმუშავებენ, როგორ გადმოიყვანონ გაცოცხლებული მონსტრი სიზმრიდან ცხადში და გაანადგურონ.

 

„რემეიქის“ რეჟისორია სემუელ ბაიერი, ხოლო მთავარ როლს – ფრედის თამაშობს ჯეკი ერლ ჰეილი.

 

 

ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან/The Exorcism of Emily Rose

 

 

2005 წელს გადაღებული ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1976 წელს ეშმაკის განდევნის სეანსი, ახალგაზრდა გოგონას სიკვდილით დამთავრდა.

 

19 წლის ემილი როუზს ეწყება ხილვები და გულყრები, რის გამოც ექიმებმა ეპილეპსიაზე მიიტანეს ეჭვი და მკურნალობა დაუნიშნეს.

 

ადგილობრივმა მღვდელმა კი დაასკვნა, რომ გოგონა შეპყრობილი იყო და ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა.

 

ემილის არც ექიმების და, არც მღვდლის მეთოდი არ გამოადგა – გოგონა გარდაიცვალა.
მღვდელს, რომელმაც რიტუალი ჩაატარა, მკვლელობაში დასდეს ბრალი. მის წინააღმდეგ პროცესი, ოფიციალურად, კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყო.

 

რეჟისორმა სკოტ დერიქსონმა ფილმში განახორციელა ამბიციური ექსპერიმენტი, ორი პოლარული ჟანრი – მისტიკური ტრილერი და მკაცრი სასამართლო დრამა ერთ ფილმში გააერთიანა.

 

ამ პროცესის მხარეებმა, ურწმუნო კარიერისტმა, იურისტმა ერინმა უნდა გადაწყვიტოს ემილი გახდა მართლა შევიდა თუ არა მის სხეულში ექვსი დემონი, მათ შორის, ის დემონები რომლებიც ადრე მართავდნენ კაენს, ნერონსა და იუდას.

 

სამართლიანობის ძიებისას, მღვდელი სწავლობს დემონის დედამიწაზე მოქმედების ისტორიას და ცდილობს სასამართლოში დაამტკიცოს სხვა სამყაროების ძალების არსებობის და ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობა.

 

 

მეზობელი გოგო/The Girl Next Door

 

 

საშინელებათა ფილმში მიმდინარე მოვლენები აღწერილია მთხრობელის დევიდ მორგანის მიერ. 1958 წლის ზაფხულში მოზარდი დევიდი გაიცნობს ახალ მეზობელს – 16 წლის მეგანს, რომელიც 10 წლის დასთან, სუზანთან ერთად ცხოვრობს ჩენდლერების ოჯახში.

 

ქალბატონი ჩენდლერი, რომელსაც შვილები რუთს უწოდებენ, არ არის კარგი დედა. მას სამი ვაჟი ჰყავს, რომელთაც ლუდის დალევის უფლებას აძლევს და ზოგჯერ უხამსად ესაუბრება.

 

მეგ და სიუზან ლოლინები მშობლების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად დეიდასთან, რუთ ჩენდლერთან, მაგრამ გოგონებს ამ სახლში ადვილი ცხოვრება არ აქვთ.

 

მათ ოჯახის წევრებისგან ცემისა და დამცირების ატანა უწევთ. მეგი ვერ გაუძლებს ასეთ მოპყრობას და შეატყობინებს შერიფს, რისთვისაც რუთი გადაწყვეტს „ჭუა ასწავლოს“ მას. დევიდი შეესწრება რუთისა და მისი ვაჟების მიერ მეგის წამების ფაქტს.

 

ის მოსვენებას კარგავს და ფიქრობს როგორ დაეხმაროს მეგის. მალე რუთი და მისი ვაჟები ბრალდებული ხდებიან მეგის მიმართ ფიზიკურ წამებასა და სექსუალურ ძალადობაში.

 

მეოთხე სახეობა / The Fourth Kind

 

 

2009 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე ამერიკულ-ბრიტანული ფსევდო-დოკუმენტური ფილმი მეოთხე სახეობა.

 

მისი სახელწოდება J. Allen Heineck–ის კლასიფიკაციიდან არის ნასესხები – უცხო ცხოვრების ფორმებში (უცხოპლანეტელებში) მეოთხე ხარისხი (ან სახეობა) ადამიანის გატაცებას ნიშნავს.

 

ფილმის მოქმედება ხდება ალასკას პატარა ქალაქ ნომში და ასახავს ფსიქოლოგიის დოქტორის აბიგაილ ტალერის 2000 წლის მოხსენებას მის პაციენტებს გადახდენილი უცნაური მოვლენების შესახებ.

 

აბიგაილ ტაილერს არგუმენტებად მოჰყავს თავისი პაციენტების ვიდეო-საუბრები, რომლებსაც თვითონ იწერდა.

 

ქალაქში სადაც 40 წლის განმავლობაში, ყველასათვის უცნობ გარემოებაში უგზოუკლოდ გაქრნენ ადამიანები, დიდი ხანია მალავენ ამ მისტერიულ საიდუმლოს.

 

ფილმების ნახვა შესაძლებელია adjaranet.com-ზე.

 

ავტორი: მარიამ სამუშია

ავტორი: Prime Time

X